ივანე ჩხაიძე: ვაქცინაციის ამ ტემპით 60%-იანი ზღურბლის გადალახვის შესაძლებლობა აპრილ-მაისში გვქნება

ვაქცინაციის ამ ტემპით 60%-იანი ზღურბლის გადალახვის შესაძლებლობა აპრილ-მაისის თვეში გვქნება, – ამის შესახებ “იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს” სამედიცინო დირექტორმა, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, თსსუ- ის პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ჩხაიძემ ეპიდვითარება შეაფასა და განაცხადა, რომ ვაქცინაციის მაჩვენებელი მიუღებლად დაბალი რჩება.
„თუ ეპიდემიოლიგიურ მდგომაროებას შევაფასებთ და ამისთვის გამოვიყენებთ ინფიცირების და ლეტალობის მაჩვენებლებს, ასევე, რამდენიმე კრიტერიუმს, რომელიც ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია, მხედველობაში მაქვს აქტიური შემთხვევების რაოდენობა – გარკეულწილად, მდგომარეობის სტაბილიზაცია ნამდვილად გვაქვს. გარდაცვალების მაჩვენებელი წინა დღეებთან შედარებით მკვეთრად შემცირებულია. ვაფიქსირებთ, რომ საქართველოში მეხუთე ტალღაა და ინფიცირების მნიშვნელოვანი, რადიკალური შემცირება არ გვაქვს, მნიშვნელოვანია, რომ სტაბილური მდგომარეობა გარკვეულწილად ოპტმიზმის საფუძველს გვაძლევს. ბოლო დღეების განმავლობაში აქტიური შემთხვევების ჯამური რაოდენობა მკვეთრადაა შემცირებული: 58 000 -დან ჩამოსულები ვართ 40 000 -მდე. თავისუფალი საწოლფონდი საკმარისია.
რაც ჩვენთვის მიუღებლად დაბალი რჩება, ვაქცინაციის მაჩვენებელია. კვირის სამუშაო დღეებში ვაქცინირებული ადამიანების რაოდნეობა საშუალოდ 10-11 000-ია, რაც საფრთხის გათვალისწინებით ძალიან დაბალი რიცხვია. ეს მაჩვენებელი 2-3-ჯერ მეტი მაინც უნდა იყოს. სამწუხაროდ, აქ რესურსი ნაკლებია. არ გვაქვს იმის ილუზია, რომ შესაძლებელია, ქვეყანაში რაიმე ისეთი ინტერვენცია განხორციელდეს, რაც ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობას რადიკალურად გაზრდის. ფაქტი ისაა, რომ ვაქცინაციის ამ ტემპით 60%-იანი ზღურბლის გადალახვის შესაძლებლობა აპრილ-მაისის თვეში გვქნება. მომდევნო 5-6 თვე ისევ მაღალი ინფიცირების და ლეტალობის მაჩვენებლი იქნება”, – განაცხადა ჩხაიძემ.

ცნობისთვის, ბოლო 24 სააათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 123 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 39 პაციენტი.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები