ივანე ჩხაიძე – „თუ გადატანილი გაქვთ „დელტა“, „ალფა“, „ომიკრონით“ მაინც დაინფიცირდებით, რეინფიცირების რისკი ძალიან მაღალია“

“იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს” სამედიცინო დირექტორის, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, თსსუ- ის პროფესორ ივანე ჩხაიძის განცხადებით, „ომიკრონის“ შემთხვევაში რეინფიცირების რისკი ძალიან მაღალია.

ამის შესახებ ჩხაიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„რა გველის, თუ „ომიკრონი“ შემოვა: პირველ ყოვლისა, იმ ადამიანებს, რომლებსაც დღემდე გაკეთებული აქვთ ორი დოზა ვაქცინა, მართლა ძალიან კარგი შესაძლებლობა აქვთ, მესამე დოზის გაკეთების სახით ინფიცირებისგან თავი დაიცვან. ეს არის ძალიან კარგი. ხაზს ვუსვამ: ორი დოზის შემდეგაც მძიმე მიმდინარეობის რისკი „ომიკრონის“ შემთხვევებში მკვეთრად ნაკლებია. ინფიცირების რისკისგან ვაქცინის 2 დოზა არ დაგიცავთ, სულ 33 % -ია დაცვა, ეს ძალიან დაბალი მაჩვენებელია. დღეისათვის არსებული არცერთი ვაქცინა „ომიკრონისგან“ არ დაგიცავთ. თუ გადატანილი გაქვთ „დელტა“, „ალფა“ მაინც დაინფიცირდებით. ანუ რეინფიცირების რისკი ძალიან მაღალია“, – განაცხადა ჩხაიძემ.

მისივე თქმით, თუ საქართველოში „ომიკრონი“ დომინანტური გახდება, რისკი იმისა, რომ ინფიცირების შემთხვევები კიდევ უფრო მაღალი იყოს, ძალიან რეალურია, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შესაბამისად მძიმე შემთხვევების მატებას მივიღებთ.

„თუ დავუშვებთ იმას, რომ „ომიკრონი“ საქართველოში დეკემბერში შემოვიდა, იანვრის ბოლოსთვის მთლიანად ჩაანაცვლებს „დელტა“ ვარიანტს და ის გახდება დომინანტური. იქნება, თუ არა შემთხვევების მატება? რა თქმა უნდა, იქნება. თუ „ომიკრონი“ დომინანტური გახდება, რისკი იმისა, რომ შემთხვევები კიდევ უფრო მაღალი იყოს, ძალიან რეალურია. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შესაბამისად მივიღებთ მძიმე შემთხვევების მატებას. არის რისკი იმისა, რომ ინფიცირება მაღალი იქნება, მაგრამ მინიმალურია იმის რისკი, რომ ამან გამოიწვიოს საწოლფონდის გადატვირთვა და ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუმკლავდეს შემთხვევების რაოდენობას.
შეიძლება, იყოს “მეექვსე ტალღა”, ოღონდ ეს იქნება იმ შემთხვევების ტალღა, რომელსაც ადამიანები სახლში ან აბულატორიულად გადაიტანენ, ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირდებათ, მაგრამ ინფიცირების მაჩვენებელი მაღალი იქნება“, – განაცხადა ჩხაიძემ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები