შალვა პაპუაშვილი: “ნაცმოძრაობამ“ დღევანდელ ღონისძიებაში მონაწილეობაზე უარით დაადასტურა, რომ პატივს არ სცემს პრეზიდენტის ინსტიტუტს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სალომე ზურაბიშვილთან საახალწლო მიღებაში მონაწილეობაზე უარით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტს პატივს არ სცემს.
მისივე თქმით, აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” დესტრუქციაზეა ორიენტირებული.
„ჩვენ ვნახეთ „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია, რომ ისინი არ მივლენ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ფარისევლობას მთლიანად „ნაციონალური მოძრაობის“. ისინი პრეზიდენტს მიმართავენ სხვადასხვა საკითხზე და ახლა იმით, რომ მონაწილეობას არ იღებენ, აჩვენებენ უპატივცემულობას პრეზიდენტის, როგორც ინსტიტუტის მიმართ და აჩვენებენ საკუთარ დამოკიდებულებას სხვა პოლიტიკური ორგანიზაციების და საერთოდ პოლიტიკური კლიმატის მიმართ. ეს ადასტურებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის დესტრუქციაზე ორიენტირებული ძალა”, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი პოლიტიკური პარტიებისთვის დღეს საახალწლო მიღებას გამართავს.