პაატა მანჯგალაძე: რეგლამენტში ცვლილებით გვინდა სრულყოფილად გამოვიყენოთ საპარლამენტო ტრიბუნა

„ამ ცვლილებით გვინდა გათანაბრდეს ერთი ბლოკიდან შემოსული ადამიანების შესაძლებლობა და რეგლამენტის გათვალისწინებით სრულყოფილად გამოვიყენოთ საპარლამენტო ტრიბუნა”,- ამის შესახებ პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

როგორც “კვირას” საკანონმდებლო ორგანოდან აცნობეს, მანჯგალაძემ მეორე მოსმენით განსახილველად გაიტანა კანონპროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ”.

მოქმედი კანონმდებლობით ერთი და იმავე პოლიტიკური პარტიის მიერ წარდგენილ პარლამენტის წევრებს, რომელთაც არ აქვთ ფრაქცია, უფლება აქვთ ორი ან მეტი პარლამენტის წევრისგან შექმნან პოლიტიკური ჯგუფი, მაგრამ ეს დაშვება არ იყო ერთი და იმავე პოლიტიკური ბლოკის მიერ წარდგენილ პარლამენტის წევრებზე. სწორედ ამ შესაძლებლობას აჩენს წარდგენილი ცვლილება.

„ოპოზიციონერი პარლამენტის წევრების დაინიცირებული ეს პროექტი კომიტეტში განვიხილეთ და მხარს ვუჭერთ. მათ აქამდე ეს დაშვება არ ჰქონდათ. კარგია თუ ოპოზიცია გამოიყენებს ამ შესაძლებლობას და ყველა იმ ბერკეტს, რომელიც ჩვენი პარლამენტის რეგლამენტით არის გათვალისწინებული და ოპონირებას გაუწევს სხვა საპარლამენტო სუბიექტებს”,- განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა კანონპროექტის განხილვისას. პარლამენტმა კანონპროექტს 82 ხმით დაუჭირა მხარი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები