ეკატერინე ტიკარაძე: ახალი შტამის გავრცელებისა და მოსალოდნელი მომდევნო ტალღისთვის ქვეყანას შესაბამისი მზაობა აქვს

 

ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, უწყების მხრიდან კოვიდპანდემიის მართვის მიმართულებით სისტემა უკვე აწყობილია.

მისივე თქმით, კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელებისა და მოსალოდნელი მომდევნო ტალღისთვის ქვეყანას შესაბამისი მზაობა აქვს.

„მე ვერ ვხედავ რისკებს იქიდან გამომდინარე, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან დღეს უკვე კოვიდპანდემიის მართვის მიმართულებით აწყობილია სისტემა და სისტემა ფუნქციონირებს. ჩვენ გვაქვს ტესტირების უმაღლესი სტანდარტი, რითაც დროულად ვახერხებთ პაციენტების ტესტირებას. ტესტირების შემდეგ ჩართულები არიან ოჯახის ექიმები, რომლებიც ასევე მუდმივ კონტაქტზე არიან პაციენტებთან. ისინი ამოწმებენ პაციენტების მდგომარეობას, რომელი უნდა იყოს გადასული კოვიდსასტუმროსა და კოვიდკლინიკაში. სასწრაფო დახმარების ბრიგადები შეუფერხებლად მუშაობენ, მათ არცერთი დაყოვნება და შეფერხება არ აქვთ. კლინიკებში საწოლბრუნვა არის შესაფერისი იმ რიცხვებთან, რაც დღეს ინფიცირების მაჩვენებელია ქვეყანაში. მიმაჩნია, რომ თუ ეს პროცესები ასე შეუფერხებლად გაგრძელდება, ამ შემთხვევაში ჩვენ შევძლებთ გავუმკლავდებით ნებისმიერი სირთულის ტალღას. რაც შეეხება მოსალოდნელ მომდევნო ტალღას, ყველა სხვა ქვეყანაში, როგორც ჩვენ ვაკვირდებით ეს არის საკმაოდ სწრაფად განვითარებადი ახალი შტამი. ეს სხვანაირი ვერ იქნება საქართველოში. აქედან გამომდინარე, არის საჭირო შესაბამისი მზაობა, რომელიც მიმაჩნია, რომ ქვეყანას აქვს”, – განაცხადა ტიკარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები