საქართველოში ვაზის იშვიათი ჯიშების აღდგენის პროგრამა განხორციელდება
ღვინის ეროვნული სააგენტო ვაზის იშვიათი ჯიშების აღდგენის პროგრამას განახორციელებს. ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ლევან დავითაშვილის თქმით, დაგეგმილია ვაზის იმ უნიკალური და იშვიათი ჯიშების აღდგენა, რომლებიც საქართველოში გარკვეული პერიოდის წინ არსებობდა, ხოლო ახლა სხვადასხვა მიზეზის გამო გლეხები შემცირებული რაოდენობით, ან საერთოდ აღარ აშენებენ. სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისთვის მევენახეებზე უფასოდ გაცემულია 15 ათასამდე ვაზის ნერგი, შემოდგომიდან კი 70 ათასი ძირის გაცემა იგეგმება.
დავითაშვილის განცხადებით, ღვინის კომპანია „კახური ტრადიციული მეღვინეობა“ მევენახეებს ნერგებს უფასოდ გადასცემს, ხოლო შემდგომში კომპანია ფერმერებისგან მოსავალს გარანტირებულად შეისყიდის.
„ქართული ჯიშები, რომლებიც თითქმის მივიწყებულია, გვინდა, რომ დაბრუნდეს მევენახეობაში. რადგან ეს მრავალფეროვნება კონკურენტუნარიანიობისთვის მნიშვნელოვანია. სწორედ ამისთვის ჩვენ გვექნება ხელშეწყობის პროგრამა. დავარიგებთ ნერგებს, ან მოხდება ნერგების მიწოდება იმ ბენეფიციარებზე, რომლებიც დაინტერესებული იქნებიან, რომ ამ ჯიშებს მოუვლის და პასუხისმგებლობას აიღებს, რომ ბოლომდე ვენახის პატრონობას შეძლებს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა