სომხეთში ადასტურებენ, რომ თურქეთთან ურთიერთობის ნორმალიზებისთვის სპეცწარმომადგენელს დანიშნავენ

 

ერევანი მზად არის თურქეთთან ურთიერთობის ნორმალიზებისთვის ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, – განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, ვაჰან უნანიანმა.

მისი თქმით, ეს მიდგომა ასევე ასახულია სომხეთის ამჟამინდელი ხელისუფლების პროგრამაშიც.

“ამ კუთხით ჩვენ მივესალმებით თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზების მიზნით სპეციალური წარმომადგენლების დანიშვნის შესახებ. ვადასტურებთ, რომ სომხური მხარე, დიალოგის გამართვის მიზნით,  სპეციალურ წარმომადგენელს დანიშნავს”, – თქვა მან.

გუშინ, თურქეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ სომხეთთან ურთიერთობის ნორმალიზების მიზნით სპეციალურ წარმომადგენელს დანიშნავენ.

ასევე, დიპლომატის თქმით, სტამბოლსა და ერევანს შორის ჩარტერული ავიარეისები დაინიშნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები