აპოკრიფები. პეტრეს სახარება

1886 წელს ფრანგმა არქეოლოგებმა ეგვიპტეში, ერთ-ერთი უძველესი ტაძრის გათხრის დროს, მე-8 საუკუნეში დასაფლავებული ბერის საფლავი იპოვეს, სადაც მოთავსებული იყო ძველი ქრისტიანული პერიოდის უმნიშვნელოვანესი აპოკრიფი – ,,პეტრეს სახარება”. ბერის საფლავში, აგრეთვე, იყო ,,პეტრეს აპოკალიფსისი” და ,,ენუქის” წიგნი. მეცნიერთა ვარაუდით, ტექსტი საფლავში ბერს ჩააყოლეს, როგორც უძვირფასესი ამულეტი, ან როგორც აკრძალული ხელნაწერი, რომელსაც იმ საუკუნეებში კანონიკური ეკლესია სასტიკად კრძალავდა.
პეტრეს სახარების ტექსტი გაწყვეტილი ფრაზით იწყება და ანალოგიურად წყდება დაუსრულებელი აზრი, რაც მოწმობს იმაზე, რომ აპოკრიფის დედანი დაკარგულია, ან სხვა ადგილას იმყოფება. აღნიშნული ტექსტის პეტრეს სახარებად მიჩნევა განაპირობა იმ ფაქტმა, რომ ტექსტი დაწერილია პირველ პირში და ავტორი საკუთარ თავს ,,სიმონ-პეტრეს” უწოდებს. დღეს საკმაოდ რთულია ნამდვილი ავტორის ზუსტი იდენტიფიცირება, მაგრამ გავითვალისწინოთ ის ფაქტი, თუ რა დიდი მნიშვნელობა ჰქონდა პეტრე მოციქულს იმ წლებში, ის ფაქტობრივად 12 მოციქულის თავად და ხელმძღვანელად ითვლებოდა. ის იყო ჭეშმარიტი სიტყვის მთავარი მქადაგებელლი, ჯერ ებრაულ, ხოლო მოგვიანებით დასავლურ სამყაროში.
აქვე ისმის კითხვა: მაშ, რატომ უარყო მოციქულის თხზულების ქრისტიანულმა ეკლესიამ და ის არაკანონიკურ სახარებად მიიჩნიეს?
პეტრეს ავტორიტეტი პირველ საუკუნეში ძალიან დიდია. იგივე შეხედულებებს ინარჩუნებენ რომაულ თემებშიც, სადაც რომაელებს ქრისტეს სიტყვას პეტრე პირველი აზიარებს. თუმცაღა იკვეთება მისი გარკვეული ტიპის დაპირისპირებები სხვა მოციქულებთანაც, ასევე განსხვავებული შეხედულება პავლე მოციქულის სწავლებებთან.
,,პეტრეს სახარებას” ახსენებს ორიგენეც, ასევე – ევსევი კესარიელი თავის ნაშრომში ,,ეკლესიის ისტორია”. ორიგენე ერთ პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას. ეს არის ქრისტეს მიწიერი ძმების არსებობა, რომლებიც იოსებს პირველი ცოლისგან ჰყავდა, თუმცა ორიგენე არ უარყოფს ამ ვერსიას და სახარებასაც კანონიკური სახარებების გვერდით აყენებს.
აღნიშნულ სახარებას ევსევი კესარიელი უფრო დეტალურად აღწერს. მისი თქმით, კილიკიის ეპისკოპოსი სერაპიონი და მისი ქრისტიანული თემი ლიტურგიკისთვის იყენებს სწორედ პეტრეს სახარებას. ეს ხდება დაახლოებით ჩვ, წ. აღ. 200-230 წელს. იგი ამ მოვლენას აღწერს, როგორც ჩვეულებრივ კანონიკურ ეპიზოდს, უძველესი ეკლესიის ისტორიიდან. ეკლესიის ისტორიის შესახებ წერს IV – V საუკუნეების ავტორი თეოდორეც. მისი თქმით, სირიაში პეტრეს სახარებას სხვა წმინდა წიგნებთან ერთად ნაზარეთში არსებული ქრისტიანული ჯგუფებიც ხმარობდნენ, რომლებიც მერე ეკლესიამ ერესში ამხილა და ორიგენიზმში დასდო ბრალი. თანამედროვე თეოლოგთა და მეცნიერთა აზრით, სახარების მიჩნევა არაკანონიკურად, სწორედ ქრისტეს მიწიერი ცხოვრების ბევრმა დეტალმა განაპირობა, რაზეც ეკლესიამ იმ საუკუნეებში სიჩუმე არჩია და სახარება აპოკრიფად აქცია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები