„ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებაზე რუსეთის საგარეო უწყების განცხადება პოლიტიკური ვაჭრობაა“ – ზაალ კასრელიშვილი

“კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის” თავმჯდომარის, ანალიტიკოს ზაალ კასრელიშვილის თქმით, რუსეთის საგარეო უწყების განცხადება, სადაც ის ნატო-ს მოუწოდებს, უარი ითქვას გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც, უკრაინა და საქართველო ნატო-ს წევრები გახდებიან, პოლიტიკური ვაჭრობის ატრიბუტია.

ამის შესახებ კასრელიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქით, რუსეთს სურს, სახე არ დაკარგოს როგორც შიდა პოლიტიკურ ბაზარზე, ისე  – მსოფლიოში.
„მინდა, გამოვეხმაურო ლავროვის განცხადებას, რომელმაც დასავლეთს უპასუხა და თქვა, რომ რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების წინააღმდეგია. ამ განცხადებას ველოდით. მას შემდეგ, რაც ჟენევაში ბაიდენმა რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობისთვის, მესიჯები გააჟღერა, როგორც ჩანს, რუსეთი კმაყოფილია ამ შეთავაზებით, მაგრამ უფრო მეტი უნდა და ღია ვაჭრობის რეჟიმში გადავიდა. პოლიტიკურ შანტაჟს ამას ვერ დავარქმევთ, რადგან უკრაინასთან მას ხელში ისეთი ბერკეტები არ უჭირავს, როგორც 2008 წელში საქართველოსთან ეჭირა. მაშინ 3, 5- მილიონიანი საქართველოს წინააღმდეგ კარგად პროვოცირებულ დაპირისპირებაში იყო, რის გამოც შემდეგ თავი იმართლა. ბოლომდე არ გამოუვიდა, მაგრამ ეს ამბავი მაინც მოახერხა. ახლა მინიმუმ 40-მილიონიანი, კარგად შეარაღებული, მხარდაჭერილი უკრანის წინაშე დგას, ასე რომ, უკრაინის დასაპყრობად ბლიც-კრიგი არ გამოუვა. რუსეთმა ეს კარგად იცის და დროს წელავს. ამ განცხადებით რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიზანი შიდა პოლიტიკურ ბაზარზე თავის მართლებაცაა. ბაიდენმა მას საშუალება მისცა, პოლიტიკური და ეკონომიკური ჩიხიდან სახით გამოვიდეს. რუსეთის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, ეს შანსი ბოლომდე გამოიყენოს, გადაწყვიტა, ბაიდენს ტოლად და სწორად დაელაპარკოს. ბაიდენისა და დასავლეთის განცხადებას, რომ რუსეთმა მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტს პატივი უნდა სცეს, მან მოძველებული, 90-იანი წლების არგუმენტებით უპასუხა იმის შესახებ, რომ, თურმე, სტრატეგიული მნიშვნელობის იარაღი მის საზღვრებთან არ უნდა განლაგდეს. ვისაც ტექნიკა ესმის, სტარტეგიული მნიშვნელობის იარაღის განლაგება შეიძლება, ოკენის გადაღმაც და მიზანს პეტერბურგამდე მოსკოვამდე შავი ზღვიდანაც, ნატო-ს წევრი სახელმწიფოების სანაპიროებიდანაც მიაღწევს. ეს საფრთხე არაა, ესაა მიზეზი, რის გამოც რუსეთი ვაჭრობს.
როგორც ავხსენით, ეს განცხადება ვაჭრობაა. რუსეთის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ჟენევის შეხვედრის შემდეგ კარგი ჟესტი გააკეთა, როდესაც შანხაის სამიტზე არ ჩავიდა და ამით დასავლეთს უთხარა, რომ დიალოგისთვის მზადაა. ახლა რას ითხოვს, რა სურვილები მოემატა და გაუჩნდა, ამას გავარკვევთ მაშინ, როცა მუშა ჯგუფები შეიქმნება. აშშ, რუსეთი, ევროპა დიალოგის გასაგრძელებელად მუშა ჯგუფებს ქმნიან. ამ ჯგუფებში რუსეთის მოთხოვნები, ეკონომიკური, პოლიტიკური თუ სოციალური სახის.
ლავროვის განცხადება პოლიტიკური ვაჭრობის ატრიბუტია, რომლის მიზანია, სახე არ დაკარგოს როგორც შიდა პოლიტიკურ ბაზარზე, ისე  – მსოფლიოში, მოითხოვოს მაქსიმუმი, რომ შემდეგ საშუალოსაც დასჯერდეს“, – განაცხადა კასრელიშვილმა.
მისივე თქმით, რუსეთისთვის საომარი მოქმედებების წარმოება ეკონომიკურად მომაკვდინებელი იქნება.
„ჟენევის შეხვედრის შემდეგ, ბაიდენმა რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა ცივილური არჩევანის წინაშე დააყენა: თუ რუსეთს სურვილი აქვს, იყოს დასავლურ სივრცეში, ამისთვის დასავლეთში ყველა ბაზარი ეხსნება, თუ მას არ უნდა დასავლურ ცივილიზაციასთან ურთიერთობა, მაშინ ის შანხაის თანამეგობრობის ფარგლებში რჩება და სულ პრობლემებში იქნება. რაც შეეხება პოსტსაბჭოური სივრცის სამხრეთ რესპუბლიკებს, მათ შორის, შუა აზიას, რუსეთს აქ საკმაოდ სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა – ეს თურქეთია. ასე რომ, ვერც შუა აზიაში, ვერც კავკასიაში და ვერც შავი ზღვის აუზში თურქეთთან მოლაპარაკების გარეშე რუსეთი შედეგზე ვერ გავა. ამიტომ, ვფიქრობთ, რომ რუსეთი პოსტსაბჭოურ სივრცეში არცთუ ისე სახარბიელო მდგომაროებაშია.
მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში წამყვანი ანალიტიკოსები სამხედრო დაპირისპირებას არ გამორიცხავენ, ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ რუსეთისთვის საომარი მოქმედებების წარმოება მომაკვდინებელია ეკონომიკურად, საშინელ სანქციებში აღმოჩნდება”, – განაცხადა კასრელიშვილმა.
ცნობისთვის, 10 დეკემბერს რუსეთის საგარეო უწყებამ ნატო-ს მოუწოდა, “უარი ითქვას გადაწყვეტილებაზე, რომ უკრაინა და საქართველო გახდებიან ნატო-ს წევრები”.
აღნიშნულ განცხადებას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი – დავით ზალკალიანი გამოეხმაურა.
„მიუღებელია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, რადგანაც ნატო უნიკალური ორგანიზაციაა და არცერთ მესამე მხარეს არ აქვს უფლება, გაფართოებასთან დაკავშირებით ნატო-ს გადაწყვეტილებაში ჩაერიოს“, – განაცხადა ზალკალიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები