ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე ახალაიას წინასწარი პატიმრობის ვადა ამოეწურა

ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე ბაჩო ახალაიას წინასწარი პატიმრობის ვადა ამოეწურა. მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილის განმარტებით, აღნიშნულ საქმეზე ბაჩო ახალაიას პატიმრობის ვადა 26 ივლისს იწურება, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ შემდეგი პროცესი 28 ივლისს არის დანიშნული, პატიმრობის ბოლო ვადა 24 ივლისით განისაზღვრება.
საქალაქო სასამართლოში ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე დღეს დაცვის მხარეს მოუსმენენ. პროცესზე 72 მოწმის ჩვენებას ეტაპობრივად გაეცნობიან. დღევანდელ პროცესზე სასჯელაღსრულების # 10 დაწესებულების ყოფილი თანამშრომელი ვარლამ როდონაია დაიკითხება. საქმე ეხება 2006 წლის იანვარში ნავთლუღში ჩატარებულ სპეცოპერაციას, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა. საქმეში ბრალდებულები არიან: ბაჩანა ახალაია, გიორგი მაზმიშვილი და ლევან ქარდავა. ბაჩო ახალაიას ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე, რომელიც გირგვლიანის საქმეზე დაკავებული პირების პრივილეგიურ მდგომარეობაში ყოფნას ეხება, აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. მიუხედავად იმისა, რომ დღეს პატიმრობის ვადა ამოიწურა, ახალაია,სხვა ბრალდებიდან გამომდინარე, კვლავ პატიმრობაში რჩება. კერძოდ, ბოლო ბრალდება ახალაიას სერგო თეთრაძის საქმეზე დაახლოებით ერთი თვის წინ წაუყენეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები