გიორგი ცუცქირიძე: მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება მოსალოდნელი იყო და 0.5 პროცენტული პუნქტით გაზრდა გამართლებულია

ეროვნული ბანკის მხრიდან მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება მოსალოდნელი იყო, რადგან ინფლაციის დონე ქვეყანაში კვლავ მაღალი რჩებოდა და ნოემბერში 12.5 % შეადგინა, რაც მიზნობრივ მაჩვენებელს, თითქმის 4 ჯერაც კი აღემატება, – ამის შესახებ ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში პოსტს ქვეყნებს, რითაც სებ-ის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას ეხმიანება.

როგორ ის “ფეისბუქზე” წერს, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილება, არსებული განაკვეთის 10. 5 პროცენტის დონეზე, 0.5 პროცენტული პუნქტით გაზრდის შესახებ, გამართლებულია.
“ეროვნული ბანკის მხრიდან მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება მოსალოდნელი იყო, რადგან ინფლაციის დონე ქვეყანაში კვლავ მაღალი რჩებოდა და ნოემბერში 12.5 % შეადგინა, რაც მიზნობრივ მაჩვენებელს, თითქმის 4 ჯერაც კი აღემატება.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა იმის გათვალისწინებით, რომ დროებითი ფაქტორების წვლილი ინფლაციაში კვლავ განმსაზღვრელი იქნება და, ამასთან, მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებულ ფაზაშია, არსებული განაკვეთის 10. 5 პროცენტის დონეზე, 0.5 პროცენტული პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო, რაც გამართლებულია. ჩვენ თურქეთის მაგალითზე ვნახეთ თუ რა მოყვა ინფლაციისას მონეტარული პოლიტიკის შერბილებას, ეკონომიკური ზრდის სტიმულირების მიზნით, როდესაც ინფლაცია სარეკორდო 18-პროცენტიან ნიშნულზე ავიდა.
ინფლაციის მაჩვენებელზე გავლენა მოახდინა გლობალურად სასაქონლო ბაზრებზე, განსაკუთრებით სასოფლო-სამეურნეო ბაზრებზე, ასევე ნავთობის ფასების მნიშვნელოვანმა ზრდამ და ერთობლივი მოთხოვნის გაუმჯობესებამ. წინასწარი შეფასებითაც, ეგზოგენური ფაქტორების წვლილი მთლიან ინფლაციაში დაახლოებით 8 პროცენტული პუნქტია.
დღეს ინფლაცია არა თუ ცალკეული ქვეყნების, არამედ გლობალურ გამოწვევადაც უნდა მივიჩნიოთ. გაზრდილი ინფლაციური მოლოდინის შედეგად გაზრდილია როგორც სამომხმარებლო ფასების ინდექსი, ასევე მნიშვნელოვნად არის სამრეწველო ფასების ინდექსიც, რასაც საქონელზე კონტეინერული გადაზიდვების სარეკორდო ზრდამაც შეუწყო ხელი.
ამის მაგალითად ევროკავშირიც გამოდგება, სადაც ინფლაცია ისტორიულ მაქსიმუმზეა 3.5 პროცენტით და აშშ -ც. გარდა იმისა, რომ სამომხმარებლო ფასების ინფლაციამ ასევე სარეკორდო 6.8-პროცენტიან ნიშნულს მიაღწია, სამრეწველო ფასების ინფლაცია სულაც 25 პროცენტამდე ავარდა.
ცნობისათვის, 2011 წლის შემდეგ 2021 წლის ოქტომბერში სურსათის ფასების ინდექსმა (FAO) რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და წინა წელთან შედარებით სარეკორდო 31%-ით გაიზარდა. ამასთან, ნავთობის ფასებიც წინა წელთან შედარებით 55%-ით არის გაზრდილი. გარდა ამისა, საერთაშორისო ტრანსპორტირების ხარჯების მნიშვნელოვანი ზრდა, განსაკუთრებით იმპორტირებული პროდუქციის ფასებზე ახდენს გავლენას.
რეგიონის ქვეყნებში, რომლებიც ჩვენი ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებია, თებერვლიდან უკვე შეინიშნებოდა ფასების დონის ზრდა, ოქტომბერში რუსეთში ინფლაცია 8.1% იყო, თურქეთში 19.9%, უკრაინაში 10.9%, სომხეთში 9.1% და აზერბაიჯანში 5.7%.
ბუნებრივია, რომ მონეტარული განაკვეთის გაძვირება აისახება იმ მსესხებლებზე, რომლებსაც სესხები აღებული აქვთ ლარში ცვალებადი განაკვეთით, რომელიც მიბმულია მონეტარულ განაკვეთზე. მაგრამ ახლა იმაზე სპეკულირება, რომ ხელისუფლება საახალწლოდ ხალხს უძვირებს ცხოვრებას გაზრდილი საპროცენტო ხარჯის გამო, უბრალოდ არის პოლიტიკური მანიპულაცია და არასერიოზულია.
მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ლარის გამყარების დაწყებულ ტენდენციასაც შეუწყობს ხელს და სწორედ ინფლაციაზე სავალუტო კურსის ზეგავლენის განეიტრალებას ემსახურება.
სხვა საკითხია, თუ როგორ იმოქმედებს გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა ეკონომიკურ ზრდაზე. სესხებზე გაზრდილი ხარჯები ამცირებს რა მოხმარებას, რომელიც ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი წამყვანი მდგენელია. ბუნებრივია, იგი ეკონომიკური ზრდაზეც მოახდენს ზეგავლენას შენელების მიმართულებით, მაგრამ ეს დანაკლისი შეიძლება დაკომპენსირდეს როგორც ინვესტიციების ზრდით, ასევე წმინდა ექსპორტის ზრდის შედეგად, ხოლო გლობალურ ბაზრებზე ფასების ზრდის შემთხვევაში, შეიძლება გადაიხედოს ნავთობ პროდუქტებზე აქციზის არსებული განაკვეთი, მისი შემცირებით და მთავრობის მთავარი ამოცანაც დღეს ეს არის”, – წერს ცუცქირიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები