დავით ზალკალიანი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებს შეხვდა

საქართველოს ვიცეპრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა საქართველოში ვიზიტით მყოფ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებთან, ტიტუს კორლატეანთან და კლოდ კერნთან, – ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის ურთიერთობების საკითხები განიხილეს და ყურადღება გაამახვილეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

შეხვედრისას საუბარი შეეხო რუსეთის ფედერაციის დესტრუქციულ, უკანონო ქმედებებს. დავით ზალკალიანმა დაგმო რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ და რეგიონში მიმდინარე მზარდი სახის აგრესიული, უკანონო ქმედებები, მათ შორის, რუსეთის მიერ უკრაინის საზღვრის სიახლოვეს სამხედრო შენაერთების ბოლოდროინდელი კონცენტრირება და ინტენსიური სამხედრო მოქმედებები, რომელიც საფრთხეს უქმნის უკრაინის, შავი ზღვის რეგიონისა და მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებს მიაწოდა განახლებული ინფორმაცია რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებთან დაკავშირებულ საკითხებზე, მათ შორის, 7-8 დეკემბერს გამართული ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 55-ე რაუნდის თაობაზე.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოში მიმდინარე რეფორმები და ქვეყნის შიგნით არსებული ვითარება. საუბრის დასასრულ, თანამომხსენებლებმა მადლობა გადაუხადეს მინისტრს შეხვედრისა და ინფორმაციის მიწოდებისთვის.

აღსანიშნავია, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლები საქართველოში ვიზიტით 8-10 დეკემბერს იმყოფებიან. ვიზიტის მიზანია საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების, დემოკრატიული რეფორმებისა და საქართველოს მიერ ევროპის საბჭოში გაწევრიანებისას აღებული ვალდებულებების მონიტორინგი.

ვიზიტის ფარგლებში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლების შეხვედრები იმართება საქართველოს პრემიერმინისტრთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრებთან, ასევე, სახალხო დამცველის აპარატსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები