როგორ განისაზღვრება ფილტვის დაზიანების სიმძიმე ქულებით – ინტერვიუ ექიმ მაია ლეფსვერიძესთან

რას ნიშნავს ფილტვის ქსოვილის დაზიანება, როგორ განისაზღვრება დაზიანების სიმძიმე ქულებით და რა შედეგი მოაქვს თვითმკურნალობას  – გვესაუბრება კლინიკა „ჯერარსის“ ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტის ექიმითერაპევტი, ამავე კლინიკის Covid –განყოფილების ექიმი და აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ინტენსიური თერაპიის  დეპარტამენტის ექიმი – მაია ლეფსვერიძე.

– ფილტვების დაზიანება, ინფლირტაცია  მხოლოდ რენტგენოგრაფიულად ჩანს და ის შეიძლება იყოს ბაქტერიული ან ვირუსული. დაზიანების შეფასება ხდება 1-დან 24 ქულამდე. ერთი ქულა უდრის ფილტვის ქსოვილის 4- 4,2 %- ის დაზიანებას. თუმცა მარტო ქულებით არ ხდება სიმძიმის შეფასება, აქ მნიშვნელოვანია პაციენტის ასაკი, აქვს თუ არა ქრონიკული დაავადება და ა.შ.

პირველადი ტომოგრაფიით ფილტვის დაზიანება შეიძლება დაბალი იყოს, მაგრამ შემდგომში პაციენტი დამძიმდეს.

ინფილტრაცია ნიშნავს ფილტვის ანთებას და, როგორც გითხარით, ის შეიძლება ვირუსული და ბაქტერიული იყოს. თუ კლინიკური სურათი და ლაბორატორიული მაჩვენებლები არ არის, ამის განსაზღვრა კომპიუტერული ტომოგრაფიითაა შესაძლებელი.  თუ არის ვირუსული პნევმონია და ბაქტერიული ანთების მარკერები სისხლში არ არის მომატებული, ამ დროს ანტიბიოტიკოთერაპიის დაწყება არაა რეკომენდებული  და მკურნალობა მხოლოდ ვირუსული პნევმონიის პოტოკოლის მიხედვით ხდება. ვირუსული პნევმონია შეიძლება გადავიდეს ბაქტერიულში, ამის შეფასება ხდება მხოლოდ ლაბორატორიულად. ამიტომ აბარებს პაციენტი სისხლის საერთო ანალიზს, სადაც ამ შემთხვევაში მომატებული უნდა იყოს ლეიკოციტები, ნეიტროფილები, ედს (ერითროციტების დალექვის სიჩქარე), შემცირდეს ლიმფოციტები. თუმცა მარტო ამას არ ვეყრდნობით, ვაკეთებთ C- რეაქტიული ცილის განსაზღვრას, რომელიც ბაქტერიული პნევმონიის ერთ – ერთი მაჩვენებელია.   პარალელურად ისაზღვრება პროკალციტონი, რადგან  იმუნური სისტემა შეიძლება ისე იყოს დათრგუნული, რომ ეს მაჩვენებლებიც კი არ იყოს მომატებული და ამიტომ ყველა ანალიზის საერთო სურათით ხდება ზუსტი დიაგნოზის დასმა. რა თქმა უნდა, არის კიდევ სხვა ანალიზებიც.

– სხვა მონაცემებთან ერთად უნდა გავითვალისწინოთ თუ არა სატურაციის მაჩვენებელი?

– დიახ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, ჯანმრთელ პაციენტებში  95-დან 100-მდეა ნორმა, მაგრამ ხანდახან სატურატორი ცრუ, დაბალ მონაცემსაც აჩვენებს, ამ დროს ადამიანი პანიკაში ვარდება. მაგალითად, ახალგაზრდა ქალბატონებს ხშირად უკეთიათ „შილაკი“, ამ დროს ფრჩხილი დაფარულია, სატურაციის ზუსტი შეფასება  ვერ ხდება და შეიძლება დაბალი მონაცემი აჩვენოს. იგივე შეიძლება მოხდეს ცხელების დროს – კიდურები გაყინულია, სისხლის მიმოქცევა – დარღვეული, ჟანგბადით კარგად ვერ მარაგდება,  ამ დროს შეიძლება რეალურად პაციენტს არ ჰქონდეს სატურაცია დაბალი, მაგრამ მაინც დაბალი უჩვენოს. ამიტომ სატურაციის განსაზღვრა ერთ – ერთი მაჩვენებელია, მაგრამ ასი პროცენტით ვერ დავეყრდნობით. ვაკვირდებით ყველაფერს ერთად. თუმცა თუ ჩამოთვლილი გვერდითი ფაქტორები არ არსებობს, პაციენტი ჩვეულებრივ მოსვენებულ მდგომარეობაშია და სატურაცია არის 88, 87 და ქვემოთ. ეს ნიშნავს, რომ ორგანიზმში ჟანგბადის გაჯერება დაბალია, ანუ სუნთქვითი უკმარისობის კლინიკა ვლინდება და ჩარევაა საჭირო.

– კარგი იქნება, აგვიხსნათ, როგორ განისაზღვრება ფილტვის დაზიანება ქულებით?

– 5-6 ქულამდე დაზიანება ფილტვების სუსტი დაზიანებაა, ამ დროს ორგანიზმში პნევმონია მიმდინარეობს, შეიძლება იყოს ცხელება, მსუბუქი ქოშინი და არა სუნთქვის უკმარისობა.

ფილტვის ქსოვილის 9-დან 12 ქულამდე დაზიანება შეიძლება ზოგიერთი პაციენტისთვის არაფერს ნიშნავდეს, მაგალითად, მაღალი ადამიანის დიაფრაგმა გაჭიმულია და შესაძლოა, მისთვის ეს არ იყოს დიდი დაზიანება, მაგრამ  ჭარბწონიანი პაციენტისთვის, სიმაღლის მიუხედავად, დიაფრაგმა მაღლა დგას, ფილტვის რეზერვი დაბალია და ანთებითი პროცესი შეიძლება უფრო მძიმედ წარიმართოს.

ტანმორჩილი პაციენტებისთვის – 10-დან 15 ქულამდე საშუალო სიმძიმის დაზიანებად ითვლება.

15 ქულის ზემოთ 20 ქულამდე – ყველა საყურადღებო პაციენტია და სჭირდება დამატებითი კვლევები.

20 ქულის ზემოთ კრიტიკული დაზიანებაა, ფაქტობრივად, ფილტვის ქსოვილის 80 პროცენტი დაზიანებულია და ყველა ასეთი პაციენტი მძიმედ ითვლება.

მაღალქულიანი ფილტვის დაზიანების მქონე პაციენტები (16 ქულიდან ზემოთ) სტაციონარულ მკურნალობას საჭიროებენ.

24 ქულა  უკვე ძალიან დიდი დაზიანებაა და თუ ის სწრაფად პროგრესირდება, ციტოკინური შტორმია, რომელიც, სამწუხაროდ, ძალიან ცუდად მთავრდება, რადგან სუნთქვის უკმარისობის უკიდურესი სტადია – დისტრესსინდრომი ვითარდება… ამ დროს თვითონ პაციენტის სურვილიც უნდა იყოს, უნდა იბრძოლოს, უნდა დაემორჩილოს ექიმს და, სწორი დანიშნულებით, ასეთი ადამიანებიც გამოდიან მდგომარეობიდან, მე მყოლია ასეთი პაციენტები, რომელთაც ჰქონიათ 22-24- ქულიანი დაზიანება, გამოსულან მდგომარეობიდან და დღემდე მაქსიმალურად ცდილობენ ფილტვის რესურსის აღდგენას. ასეთ მაღალქულიან პაციენტებში ანთება შეიძლება 6 თვე მუდმივად ჩანდეს რენტგენზე და კომპიუტერულ ტომოგრაფიაზეც, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მწვავე ანთებაა, ეს არის ფიბროზულ – ინფილტრაციული ცვლილებები, ანუ უკვე შეხორცება, ფიბროზი მიდის იმ ადგილას და თავის კვალს ტოვებს. ამიტომ მას სჭირდება ჯანსაღი ცხოვრების წესი, მუდმივი ვარჯიში…

როდესაც კოვიდინფიცირებული ბინაზე მკურნალობს, ხშირად თვითმკურნალობას მიმართავს… ამ დღეებში გავრცელდა ერთ – ერთი ექიმის პოსტი, სადაც ის წერდა, რომ მიუხედავად აკრძალვისა, პაციენტებს აზიმაკს უნიშნავდა და ასე მკურნალობდა… შეიძლება ამ დროს უფრო მეტად დავიზიანოთ თავი?

– „კოვიდს-19“-ს ახასიათებს ამორჩევითი სამიზნე ორგანოები, ეს სამიზნე ორგანოებია: პირველი ფილტვი, შემდეგ – გული, პანკრეასი და სხვა ორგანოები… ყველაზე დიდი პროცენტულობით ვირუსი ფილტვს აზიანებს.

პრეპარატი, რომელიც თქვენ ახსენეთ, ზედა სასუნთქი გზების ინფექციაზე, ბაქტერიულ ინფექციაზე ძალიან კარგად მოქმედებს, მაგრამ კოვიდი ზედა სასუნთქი გზების არ არის. ზოგადად, უკვე დიდი ხანია დაიდო კვლევები, რომ კონკრეტულად აზიტრომიცინის ჯგუფის პრეპარატი – აზიმაკი აბსოლუტურად უსარგებლოა კოვიდის მკურნალობისას და არ უნდა დაინიშნოს, რეკომენდებული არ არის. მისი მიღებისას, შეიძლება თავი იჩინოს ბევრმა გვერდითმა ეფექტმა. ასევე, შეიძლება მისი მიღებისას წაიშალოს სისხლის კლინიკური სურათი და პაციენტის ლაბორატორიული მონაცემები სწორად ვერ შეფასდეს. ამიტომ მე არავის ვურჩევ ბინაზე ანტიბიოტიკის მიღებას.

კოვიდის დაწყების პირველივე დღიდან გაწევრიანებული ვარ „მედ რუმის“ ჯგუფში, სადაც სხვა ექიმებთან ერთად ბევრ პაციენტს დავეხმარეთ ონლაინ, მაგრამ აღმოჩნდა,  რომ პაციენტების ნაწილი, რატომღაც, გვისვამდა კითხვას, აზუსტებდა გარკვეულ ინფორმაციას და მერე მაინც თვითნებურად იღებდა ანტიბიოტიკებს.  სამწუხაროდ, ბევრი მათგანი მოხვდა კლინიკაში. ჩვენ ბევრს დავეხმარეთ.  თუ გვენდობიან, გვენდონ ბოლომდე და თავი შეიკავონ თვითმკურნალობისაგან.

– რას ურჩევდით მათ?

– ასეთ პაციენტებს ფიზიკურად გააქტიურებას ვურჩევ, ოღონდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. არ უნდა ჩაწვნენ, მაქსიმალურად იმოძრაონ, მსუბუქად დაიტვირთონ, დღის განმავლობაში მიიღონ სითხე, არაუმეტეს 2,5 ლიტრისა. მოძრაობისას, ვისაც აქვს წონის ან ვენოზური პრობლემა,  ან კონრტაცეპტივებს იღებს,  თუ საშუალება აქვს, დღის განმავლობაში გამოიყენოს ელასტიური წინდა. უნდა მიეფიცხონ მზის სხივებს, 3-4 -ჯერ გაანიავონ სახლი, ძალიან ბევრი ბუშტი არ გაბერონ, თორემ შეიძლება ფილტვის გადაბერვა მოხდეს.  მუცელზე წოლა, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ არა – მუდმივად და არა პირველივე დღიდან.

მაქსიმალურად დადებითი განწყობა შეიქმნან, რადგან კოვიდს ახასიათებს დეპრესია, რომელიც, თავის მხრივ, უარყოფით ჰორმონებს გამოიმუშავებს და რომელსაც სხვა პრობლემების გამოწვევა შეუძლია ორგანიზმში.

და კიდევ ერთი – მე კოვიდგანყოფილებაშიც ვმუშაობ, ვაქცინირებულ პაციენტებსაც შეხვედრიათ კოვიდი, მაგრამ ისეთი დაზიანებით, როგორიცაა ციტოკინური შტორმი, 1%-შიც კი არ ფიქსირდება, ამიტომ ყველას მოვუწოდებ აცრისკენ, ის რეალურად გვიცავს გართულებებისგან და ჯერჯერობით სხვა ალტერნატივა არ გვაქვს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები