საუკუნის პროექტად მონათლული ანაკლიის პორტი მამუკა ხაზარაძემ დღეს კიდევ ერთხელ გაიხსენა.
იგი ხელისუფლებას მიმართავს, რომ 2 წელი საკმარისზე მეტი დრო იყო იმისათვის, რომ აღნიშნული პროექტი მათ გარეშე აღედგინათ და გაეგრძელებინათ.
“ხომ იყო პროპაგანდა, რომ ხაზარაძემ ჩააგდო ეს პროექტი და ფულს ვერ მოუყარა თავი. 2 ინვესტორი მოყვანილი გვყავდა, – 2 გააგდეს. 2 წელი ხომ გავიდა.
ხომ არის კონსტიტუციაში ჩაწერილი, რომ ანაკლიის პორტი სტრატეგიული პროექტია. 2 წელი რაში სჭირდებათ იმისათვის, რომ ეს პროექტი აღედგინათ და გაეგრძელებინათ უჩვენოდ? – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ გადაცემაში “საჯარო პოლიტიკა”.
ცნობისთვის, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ ფულის გათეთრების საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც მამუკა ხაზარაძე დაიკითხა.
შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარედგინათ 2019 წლის 24 ივლისს ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით). რაც შეხება ავთანდილ წერეთელს, პროკურატურა ბიზნესმენს ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება.