მამუკა მდინარაძე: იან კელის განცხადებები კიდევ უფრო რადიკალური და მწვავე ხდება, ის ღია ლობიზმს უწევს „ნაცმოძრაობას“
“იან კელი ღია ლობიზმს უწევს „ნაცმოძრაობას“, – ასე გამოეხმაურა ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის, იან კელის განცხადებას.
მისი შეფასებით, დიპლომატი ამ ბოლო დროს კიდევ უფრო რადიკალური და მწვავე გახდა.
„იან კელის განცხადებები, რატომღაც, ამ ბოლო დროს კიდევ უფრო რადიკალური და მწვავე ხდება, ეს ადამიანი ღია ლობიზმს უწევს „ნაცმოძრაობას“. არ მგონია, რომ „ნაცმოძრაობის“ პოზიციის ასეთი აშკარა, უაპელაციო მხარდაჭერა, ამ ქვეყანაში ერთ თუნდაც სუბიექტურად მოაზროვნე ადამიანს დაუტოვებს იმის ფიქრის საშუალებას, რომ ეს ადამიანი ერთ განცხადებას მაინც ობიექტურად აკეთებს“, – განაცხადა მდინარაძემ.
შეგახსენებთ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ „ის არის კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი, კელი დეგნანი კი ექსპერტი არ არის“, საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი, იან კელი „ტვიტერზე“ გამოეხმაურა – „ირაკლი კობახიძე, ნუ ეხუმრები დეგნანის მანდატსა და რეპუტაციას. ეს არის ბრძოლა, რომელსაც ყოველ ჯერზე წააგებ”.