ლაშა ხუციშვილი: მთავრობის მიერ საბიუჯეტო დეფიციტის შემცირება ინვესტორებისა და ბიზნესისთვის გზავნილია, რომ 2022 წელს ეკონომიკის მთავარი წარმმართველი ძალა სწორედ კერძო სექტორი იქნება

მთავრობის მიერ საბიუჯეტო დეფიციტის შემცირება ინვესტორებისა და ბიზნესისთვის გზავნილია, რომ 2022 წელს ეკონომიკის მთავარი წარმმართველი ძალა სწორედ კერძო სექტორი იქნება, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

მისი თქმით, საბიუჯეტო დეფიციტის შემცირება გულისხმობს, რომ ქვეყანა მაქსიმალურ ყურადღებას აქცევს მაკროეკონომიკურ პარამეტრებს, რაც, საბოლოოდ, მთავარი მესიჯია იმ მიმართულებით, რომ წარმმართველი როლი ეკონომიკაში კერძო სექტორს უნდა ჰქონდეს.

„მომავალი წლის ბიუჯეტში გამოვყოფდი ორ მთვარ მიმართულებას.

პირველი, ესაა ეკონომიკური ზრდის დაჩქარების წამახალისებელი სტიმულები, როგორიც არის სხვადასხვა პროგრამა სამეწარმეო მიმართულებით და, ასევე, კაპიტალური ხარჯების მნიშვნელოვანი ზრდა. იცით, რომ სწორედ კაპიტალურ ხარჯებზეა მნიშვნელოვნად დამოკიდებული როგორი ზრდა ექნება ქვეყანას, იმიტომ, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუცია შეაქვს ეკონომიკურ ზრდაში. ამ მიმართულებით, კაპიტალური ხარჯები გვაქვს 9,1% მშპ-სთან მიმართებით, რაც არის ისტორიული მაქსიმუმი, რაც კი გასულ წლებში ჰქონია ქვეყანას.

ძირითადი ნაწილი მოიცავს საგზაო ინფრასტრუქტურას, რეგიონალურ და მუნიციპალურ ინფრასტრუქტურას და წყალმომარაგების სისტემის აღდგენა-რეაბილიტაციას. შესაბამისად, ცალსახად იკვეთება ის, რომ ეკონომიკური ზრდა 2022 წლის ბიუჯეტის მნიშვნელოვანი მიმართულებაა. მეორე – ესაა ჯანდაცვის სექტორი, რომელიც გარკვეულწილად, პასუხობს პირველ საკითხსაც – ეკონომიკურ ზრდასაც. პანდემია და პანდემიიდან გამომდინარე გაურკვევლობა, არის ყველაზე დიდი რისკი, რაც შეიძლება მომდევნო წლებში ჰქონდეს ეკონომიკურ ზრდას. შესაბამისად, ამ მიმართულებით ჯანდაცვის ხარჯები ასახულია ბიუჯეტში. გარდა ამისა, არის სოციალური მიმართულება და ზრდა გათვალისწინებულია, როგორც პენსიების, ისე სოციალური და მიზნობრივი დახმარებების ნაწილში”, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

მისი თქმით, დღეს ყველა ქვეყანა დგას გამოწვევების წინაშე.

„პანდემიის გათვალისწინებით, ვხედავთ სწრაფად ცვალებად გარემოს. ამ კუთხით, პროგნოზირებადობა შემცირებული გვაქვს, თუმცა, თუ გადავხედავთ მიმდინარე საქმიანობას და სამომავლო პროგნოზებს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღდგენის პროცესი საკმაოდ სწრაფად მიმდინარეობს, მიუხედავად იმისა, რომ პანდემიური მდგომარეობა ქვეყანასა და მსოფლიოში არ არის დასრულებული და იმის პერსპექტივა, რომ მომდევნო წელს ის დასრულდება, ნაკლებია”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები