საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს PPRD East-ის ექსპერტთა ჯგუფი სტუმრობდა

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფების პრევენციის, მზადყოფნის და რეაგირების პროგრამის, PPRD East 3-ის ექსპერტები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საქმიანობას და დაგეგმილ პროექტებს გაეცნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ, ლევან ღირსიაშვილმა შემფასებელ ექსპერტთა ჯგუფს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში მოხალისეთა სისტემის განვითარების და საგანგებო მართვის გეგმების შემუშავების შესახებ.

გარდა ამისა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო კატასტროფების რისკების შეფასების და ადრეული გაფრთხილების სისტემის დანერგვის საკითხებს. ვიზიტის ფარგლებში, PPRD East 3-ის ექსპერტი – დავიდე მიოცო კახეთის რეგიონში იმყოფებოდა. იგი თელავში და სიღნაღში სახანძრო-სამაშველო განყოფილებებს ესტუმრა და არსებულ სიტუაციას ადგილზე გაეცნო. ასევე, შეხვედრები გაიმართა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან – ირაკლი შიოშვილთან და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასთან.

ვიზიტის მთავარი მიზანი პრიორიტეტების შეფასება და სამწლიანი სამოქმედო გეგმის დასახვა იყო. PPRD ევროკავშირის ტექნიკური ექსპერტული დახმარების პროექტია, რომლის მთავარი ამოცანა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ბუნებრივი და ადამიანის ფაქტორით გამოწვეული საგანგებო სიტუაციების პრევენციის, მათზე რეაგირებისა და მზადყოფნის დონის ამაღლებაა.

საქართველოში პროგრამის განხორციელების პირველ ეტაპზე შეიქმნა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებისა და ექსპერტებისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფები, რომელშიც წამყვანი უწყებაა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები