სოზარ სუბარი: სააკაშვილს აღიარება არავის სჭირდება, საკმარისი მტკიცებულებებია, რომ განაჩენი დადგეს და იყოს სამართლიანი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, სოზარ სუბარის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს სინანულს არავინ სთხოვს, არც მისი აღიარება სჭირდება ვინმეს, რადგან საკმარისი მტკიცებულებებია, რომ განაჩენი დადგეს და იყოს სამართლიანი.

მისი თქმით, ექვსი წელი საკმარისი დროა, რომ სააკაშვილმა იფიქროს, რა ჩაიდინა, ქვეყანას რა ავნო.

„საქმე, რომელიც სასამართლოში იხილება, არის უსერიოზულესი და მასში ერთი ეპიზოდიც რომ გამოვყოთ, საკმარისი იქნებოდა, ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში პრეზიდენტი, თუ პრემიერი, გისოსებს მიღმა მომხდარიყო. საფრანგეთის პრემიერს ხუთი წელი მიუსაჯეს იმისთვის, რომ მეუღლეს ხელფასს უხდიდა. ალბათ, მეუღლე საქმეს აკეთებდა. სააკაშვილის შემთხვევაში საქმე გვაქვს 721 ათასს ლარზე, რომელიც არის დახარჯული ბოტოქსებში, გამაჯანსაღებელ პროცედურებში. საუბარია ფულზე, რომელიც კერძო ვიზიტებში იხარჯებოდა და 18 დოლარი დახარჯულია ერთ ღამეში პრეზიდენტისთვის კერძო ვიზიტში. სააკაშვილის მართლმსაჯულება რომ ყოფილიყო, შეკრებითობა იქნებოდა და მას ჯამურად 300-500 წელის გამოუვიდოდა, რაც 30 წელზე ჩამოვიდოდა. მადლობა თქვას, რომ დღეს მისი კანონები გაუქმებულია. რაც შეეხება განცხადებას, რომ პუტინის პატიმარია, საქართველოში ადამიანი არ არსებობს, რომელსაც უფრო ძვირფასი საჩუქარი გაეკეთებინოს პუტინისთვის და რუსეთისთვის, ვიდრე სააკაშვილმა გაუკეთა. არც ნინო ბურჯანაძეს, არც ნოღაიდელს. სააკაშვილმა პუტინს ხელ-ფეხი გაუხსნა, რომ საქართველოს ტერიტორიის 22 პროცენტის ოკუპაცია მოეხდინა და ორივე ოკუპირებული ტერიტორიის ე.წ. აღიარება მოეხდინა. ალბათ, დრო დადგება, როცა ეს საქმეც გამოძიებული იქნება. ახლა ეს საქმე არის ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში და შეფასებას მისცემს რუსეთის აგრესიასაც, ეთნიკურ წმენდა, ქართველი სამხედროებისა და სამოქალქო პირების წამება-მოკვდინებას, თუ რაიმე აქვს ჩადენილი სააკაშვილს, ისიც გამოჩნდება“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები