„ეს იყო ნულოვანი სინანულის შეგრძნების მქონე ადამიანის გამოსვლა. ის საერთოდ არაფერს არ ნანობს, რაც გააკეთა და რისთვისაც მსჯავრდებული და ბრალდებულია. პირიქით, უკვე ყავლგასულად და საერთოდ უსაფუძვლოდ, ყველას უმტკიცებს, რომ ისაა საქართველოს დამფუძნებელი მამა“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა მიხეილ სააკაშვილის მიერ სასამართლოში დღეს გაკეთებულ განცხადებებზე საუბრისას აღნიშნა.
მისი თქმით, დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, თუ რა დამოკიდებულება აქვს ექსპრეზიდენტს საქართველოს მიმართ.
„3000-წლოვანი ისტორიის მქონე ქვეყანაში თავს ისე წარმოაჩენს, თითქოს, მან შექმნა ეს ქვეყანა. ჩვენ მოვისმინეთ მიხეილ სააკაშვილის სიტყვები, რომ ისაა უკრაინის მოქალაქე და სასამართლო პროცესზე თარჯიმნით უნდა ყოფილიყო უზრუნველყოფილი. ეს ზუსტად აჩვენებს მის დამოკიდებულებას ამ ქვეყნის მიმართ. ამბობს, რომ სანდრო გირგვლიანის საქმესთან არავითარი კავშირი არ აქვს“, – აცხადებს ბექა დავითულიანი.