აგრარულ საკითხთა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტებმა აგროდაზღვევის ბაზრის შესახებ იმსჯელეს

აგრარულ საკითხთა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე 2020-2021 წლებში აგროდაზღვევის ბაზრთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს.

პარლამენტის ინფორმაციით, სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა დავით ონოფრიშვილმა კანონმდებლებს აგროდაზღვევის ბაზრის ბოლო ორი წლის მიმოხილვის ანგარიში გააცნო და განაცხადა, რომ აგროდაზღვევა, ქვეყანაში აგრარული სექტორის და ზოდად სოფლის განვითარებისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

„აგროდაზღვევის პროგრამა 2014 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდა და მიზნად ისახავს აგროსექტორში სადაზღვევო ბაზრის განვითარებას, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობას, აღნიშნული საქმიანობით დაკავებული პირებისთვის შემოსავლის შენარჩუნებას და რისკების შემცირებას. აგროდაზღვევა ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ის ჯერ მაინც ჩანასახის პროცესშია და მის განვითარებას დრო დასჭირდება”, – განაცხადა დავით ონოფრიშვილმა.

მისი თქმით, აგროდაზღვევის ერთ-ერთი წარმატებული მოდელია ესპანეთის 44 წლიანი გამოცდილება. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა პირველი 10-12 წელი მათთვისაც რთული იყო. დავით ონოფრიშვილის განცხადებით, მისი სამსახური სადაზღვევო ბაზარზე ზედამხედველ ორგანოს წარმოადგენს და მათი მთავარი ამოცანაა სექტორში დაზღვევის მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკა გაატაროს. მისი ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ სადაზღვევო ბაზარზე აგროდაზღვევის წილი წლიდან წლამდე იზრდება, ის ჯერ მაინც ძალიან მცირეა და 2020 წელს მთლიანი ბაზრის მხოლოდ 3%-ს მოიცავდა.

მომხსენებელმა სფეროში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა და მათგან რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი გამოყო, მათ შორის, ფერმერების მხრიდან აგროდაზღვევაში ჩართულობის მზადყოფნის დაბალი მაჩვენებელია. მან სხდომის მონაწილეებს ასევე გააცნო მსოფლიო ბანკის რეკომენდაციები. დისკუსიაში მონაწილეობდნენ კანონმდებლები, აღმასრულებელი ხელისუფლების, სოფლის მეურნეობის სფეროში მოქმედი სხვადასხვა ასოციაციებისა და ორგანიზაციების, სადაზღვევო სექტორის წარმომადგენლები. ფერმერების მხრიდან, სხვა საკითხებთან ერთად, ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად მაინც რისკების არასრულყოფილი დაზღვევა დასახელდა. პრობლემაა ასევე მეფუტკრეობის, მეფრინველეობის, მეცხოველეობის მიმართულებების დაზღვევის საკითხი.

წამოჭრილ საკითხებზე განმარტებები გააკეთა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა და განაცხადა, რომ სამინისტრო აგროდაზღვევის სფეროში ბევრი მიმართულებით მუშაობს, მათ შორის, დაზღვევის საყოველთაობაზე. როგორც მან აღნიშნა, სამინისტროში დაზღვევის განვითარების სტრატეგიაც აქვთ უკვე მომზადებული. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილის განცხადებით, აგროდაზღვევის მიმართულებით სახელმწიფოს ძალისხმევა არის ძალიან დიდი და ყველა სამსახურის მხრიდან ყველაფერი უნდა გაკეთდეს აგროდაზღვევის სისტემის კიდევ უფრო სრულყოფილად გასამართად. საპარლამენტო კომიტეტებმა მზადყოფნა გამოთქვეს სამომავლო თანამშრომლობისათვის, რათა ერთობლივად შეიმუშაონ ის ინსტრუმენტები და ბერკეტები, რაც დაზღვევის პროცესს და სადაზღვევო პროდუქტებს უფრო მისაღებს გახდის ფერმერებისათვის. „დაზღვევის განვითარების სტრატეგიასთან დაკავშირებით დაველოდებით თუ რა ხედვები აქვს სამინისტროს. ასევე, როგორც ეს მთავარმა მომხსენებელმაც აღნიშნა, ვხედავთ საჭიროებას ზოგადი პოლიტიკის გაუმჯობესების და შემუშავების, მათ შორის, საკანონმდებლო დონეზეც და ჩვენი მხრიდან ყველასთან ინტენსიურად ვითანამშრომლებთ საჭიროების ფარგლებში”, – პარლამენტის განაცხადა აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები