ნინო წილოსანი საქართველოში გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის წარმომადგენელს შეხვდა
აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე – ნინო წილოსანი გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელს საქართველოში, რაიმუნდ იელეს შეხვდა.
ნინო წილოსანის განაცხადებით, გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია აქტიურად თანამშრომლობს ჩვენს ქვეყანასთან, მათ შორის, როგორც აღმასრულებელ, ასევე, საკანონმდებლო ხელისუფლებასთან და ეს შეხვედრაც ამის დასტური იყო. მხარეებმა შეხვედრაზე მიმოიხილეს ყველა ის საკითხი, რომელზეც ერთობლივად მუშაობენ და რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებისა და მომავლისთვის.
„შეხვედრა ნაყოფიერი და საინტერესო იყო. ვისაუბრეთ ყველა იმ საკითხზე, რომლებზეც ერთობლივად ვმუშაობთ FAO-სთან, არის ეს სურსათის დონაციის საკანონმდებლო ჩარჩო თუ ფერმერთა შესახებ კანონი, კოოპერატივების შესახებ კანონის სრულყოფის საკითხი თუ მისი განახლებული ვერსია. ყურადღება დავუთმეთ სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს, რაც FAO-ს მხრიდან ტექნიკურ თუ ექსპერტულ დახმარებას ითვალისწინებს, რაც გააძლიერებს როგორც სოფლის მეურნეობის სექტორს, ასევე, პარლამენტის კომიტეტის საქმიანობას.
აღსანიშნავია, რომ გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია მჭიდროდ თანამშრომლობს შესაბამის სამინისტროსთან და ხელს გვიწყობს ჩვენს მიერ მიღებული კანონმდებლობის აღსრულებაში”, – განაცხადა ნინო წილოსანმა შეხვედრის შემდეგ. მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.