ადვოკატი: თუ დეპუტატებს გორის ჰოსპიტალში არ შეუშვებენ, მიხეილ სააკაშვილი მკურნალობის პროცესს შეწყვეტს
საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ დეპუტატებს მისი მონახულების საშუალება არ ეძლევათ და თუ აღნიშნულს წერტილი არ დაესმება, სააკაშვილი ჰოსპიტალში მიმდინარე მკურნალობის პროცესს შეწყვეტს.
„ბოლო დღეების მანძილზე დეპუტატებს არ ეძლევათ საშუალება, რომ სააკაშვილს შეხვდნენ, ეს არის იზოლაციისა და ხელის შეშლის პროცესი ხელისუფლების მხრიდან, რასაც არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ აქვს. სააკაშვილს აქვს ძალიან მკაფიო პოზიცია და თუ ამას დაუყონებლივ არ დაესმება წერტილი, გორის ჰოსპიტალში მიმდინარე მკურნალობის პროცესს შეწყვეტს, მიიღებს მხოლოდ იმ მედიკამენტებს, რასაც იღებდა დანიშნულებით მანამდე, ვიდრე საქართველოში ჩამოვიდოდა“, – აღნიშნა ბექა ბასილაიამ.