ფრიდონ ინჯია – მოსამართლეობის კანდიდატს: სამი შვილი გყავთ, ფიქრობთ, კიდევ გამრავლდეს თქვენი ოჯახი?

“ევროპელი სოციალისტების” დეპუტატმა, ფრიდონ ინჯიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ გენადი მაკარიძეს ჰკითხა, “აპირებს თუ არა, მისი ოჯახი კიდევ გამრავლდეს”.

ინჯია ასევე დაინტერესდა, რას ფიქრობს კანდიდატი, უნდა დაიწიოს თუ არა საქართველოში ქორწინების ასაკმა.

“ბატონო გენადი, თქვენ სამი შვილი გყავთ. ფიქრობთ, კიდევ გამრავლდეს თქვენი ოჯახი? მე, მაგალითად, ვისურვებდი. გისურვებთ ჯანმრთელობას და გამრავლებას კიდევ… მოგეხსენებათ, რომ დღეს საქართველოში დემოგრაფიული პრობლემები არის, ზღვრული ასაკი ქორწინების რამდენად მიგაჩნიათ, შეიძლება, შემცირდეს ერთი წლით მაინც?”, – ჰკითხა ინჯიამ მოსამართლეობის კანდიდატს.

მაკარიძის თქმით, ასაკი, რაც კანონით განსაზღვრულია, გონივრულია.

“ადამიანს რაც მეტი ჰყავს შვილი, მით უკეთესია ერისთვის, ქვეყნისთვის… არა, ვფიქრობ, რომ ის, რაც კანონმდებლობით არის დადგენილი, საკმაოდ გონივრულია”, – აღნიშნა მაკარიძემ.

რაზეც დეპუტატმა უპასუხა: “მადლობა, ბატონო გენადი, თქვენ ბრძანეთ “არა”. გასაგებია”.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები