ტიტე აროშიძე: სამწუხაროდ, “ნაცმოძრაობის” წარმომადგენლები მიეჩვივნენ ცილისწამებას და ამ ბინძური კამპანიის ფარგლებში ადამიანის სიცოცხლით მანიპულირებას, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია

აჭარაში „ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, ტიტე აროშიძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ადგილობრივი ორგანიზაციის წევრების ერთობლივ ბრიფინგს ეხმიანება და ბათუმის ახლადარჩეული საკრებულოს წევრის – ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს.
საქმე ეხება “ნაციონალური მოძრაობის” მიერ გასაჯაროებულ აუდიოჩანაწერებს, რომლის მიხედვითაც, თითქოს, ბათუმის საკრებულოს დეპუტატს ხელისუფლების წარმომადგენლები სხვადასხვა ფორმით ემუქრებოდნენ, რამდენიმე დღეში კი ნუგზარ ფუტკარაძე გულის შეტევით გარდაიცვალა. საქმეში ფიგურირებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მამა – დავით რიჟვაძეც.

„შეთითხნილი ე.წ. მტკიცებულებების სერიით გრძელდება ბრალდებები. “ნაციონალების” მხრიდან გავრცელდა გაურკვეველი აუდიოჩანაწერი, რომელშიც არც შინაარსი იკვეთება, არც პიროვნებებია იდენტიციცირებული, არც ავთენტურობაა დამტკიცებული.
” ნაციონალური მოძრაობა” თავისი ხელწერის სხვაზე გადაბრალებას უნიჭოდ ცდილობს. რთულია იმაზე კომენტარის გაკეთება, რაც არ არსებობს. თქვენ, მედიის წარმომადგენლებიც ითხოვთ კომენტარს “ნაცმოძრაობის” ინტერპრეტაციაზე და არა იმაზე, რასაც მოუსმინეთ იმიტომ, რომ იმ ჩანაწერით შეუძლებელია რამე რაციონალური დააკვნის გაკეთება.
მიმაჩნია, რომ, პირველ ყოვლისა, უნდა დადგინდეს ჩანაწერების ავთენტურობა. ამასთან, ჩანაწერებში არ ისმის რაზეა საუბარი. პირებს, რომლებიც ჩანან ჩანაწერებში, არანაირი შემხებლობა არ აქვთ პარტია „ქართული ოცნების” ბათუმის ოფისთან და არ ყოფილა არანაირი ზეწოლა. შესაბამისი უწყებები უკვე მუშაობენ და სიმართლე აუცილებლად დადგინდება.
ყოველდღიური ურთიერთობა მაქვს აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან და შემიძლია, განვაცხადო, რომ არც თორნიკე რიჟვაძეს, არც მის ოჯახს მსგავს საქმესთან არანაირი შეხება არ აქვთ.
სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები მიეჩვივნენ ცილისწამებას და ამ ბინძური კამპანიის ფარგლებში ადამიანის სიცოცხლით მანიპულირებას, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია,” – აცხადებს ტიტე აროშიძე.

აუდიოჩანაწერები ოპოზიციამ დღეს გაასაჯაროვა. “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, გიორგი კირთაძის თქმით, გარდაცვლილ ნუგზარ ფუტკარაძესთან მოლაპარაკებას თორნიკე რიჟვაძის მამის, დათო რიჟვაძის დავალებით, ასლან აბაშიძის დროინდელი ორი ყოფილი ძალოვანი – ვაჟა თაბაგიძე და ბადრი ბაკურიძე ხელმძღვანელობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები