პაატა მანჯგალაძე: ერთი შეხედვით, წინააღმდეგი არ ვარ, რადგან რუსულ ბაზებს ამერიკული ბაზები მირჩევნია

“ერთი შეხედვით, წინააღმდეგი არ ვარ, რადგან რუსულ ბაზებს ამერიკული ბაზები მირჩევნია”, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ “ლელოს” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადების საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, ეს კომპლექსური საკითხია, რომელსაც უსაფრთხოების ექსპერტებთან დამატებითი კონსულტაცია სჭირდება.

„ერთი შეხედვით, წინააღმდეგი არ ვარ, რადგან რუსულ ბაზებს ამერიკული ბაზები მირჩევნია. რაც შეეხება ლუსტრაციის კანონს, ეს არის პროექტი, რომელსაც სიამოვნებით დავუჭერდი მხარს. ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გვაქვს გადასადგმელი, რადგან მეხუთე კოლონას საქმიანობა უნდა შეეზღუდოს. ამ კანონის მიღების შედეგად წარმომიდგენია, რომ არა მხოლოდ ბევრ პოლიტიკოსს, არამედ ბევრ სასულიერო პირს მოუწევს კულუარებში გადასვლა. ეს გამოყენებული უნდა იყოს არა ანგარიშსწორებისთვის, არამედ მათთვის, ვინც უცხოურ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობენ, მათ არ ჰქონდეთ ამ შხამის ნთხევის შესაძლებლობა ღიად, საჯარო სივრცეში“, – განუცხადა პაატა მანჯგალაძემ საქართველოს პირველ არხს.

ცნობისთვის, „ლელო საქართველოსთვის“ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოს ინტერესებისთვის გადაუდებლად მიაჩნია ეროვნული კონსოლიდაციის, „ეროვნული უსაფრთხოებისა და ეკონომიკის“ მძლავრი პლატფორმის შექმნა, რომლის ფარგლებშიც მოხდება: „საქართველოში აშშ-ის სამხედრო ობიექტების განლაგება და ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, როგორც საკანონმდებლო, ასევე ეკონომიკური კუთხით; აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების სწრაფად ამოქმედება, „ლუსტრაციის კანონი“ – ეროვნული კონსოლიდაციისა და სუვერენიტეტის დაცვის აქტის მიღება მტრული სახელმწიფოების სამსახურში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გამოსავლენად“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები