„თბილისის ბაროკო ფესტივალის“ ფარგლებში, კონცერტებისა და მასტერკლასების პარალელურად, საჯარო ლექციები იმართება

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, თბილისის მერიის, იტალიისა და გერმანიის საელჩოების მხარდაჭერით, თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის, „საქართველოს სინფონიეტას“ ორგანიზებითა და მონაწილეობით, 10 ნოემბრიდან 8 დეკემბრის ჩათვლით, რიგით მეშვიდე „თბილისის ბაროკო ფესტივალი“ იმართება.
როგორც „კვირას“ „საქართველოს სინფონიეტას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა თეა მუქერიამ აცნობა, ფესტივალის ფარგლებში, კონცერტებისა და მასტერკლასების პარალელურად, ტარდება საჯარო ლექციები: ქართული და ევროპული მუსიკის, აგრეთვე ბაროკოს პერიოდის თეატრის, ლიტერატურის და მხატვრობის შესახებ, რომელსაც ამ სფეროს წამყვანი სპეციალისტები და პროფესორები წარმოადგენენ.
15 ნოემბერს ჩატარდა გუნდის დირიჟორის, მომღერლისა და მგალობლის, ანსამბლ „ბასიანის“ დირექტორისა  და  გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის ასისტენტ პროფესორის, ზურაბ წკრიალაშვილის საჯარო ლექცია – „მრავალხმიანობის ფორმები ქართულ ტრადიციულ სიმღერასა და საეკლესიო გალობაში“!
ლექციაზე განხილული იყო ქართული ტრადიციული სიმღერისთვის დამახასიათებელი კუთხური მრავალფეროვნება და მათში გავრცელეული მრავალხმიანობის ფორმები. ასევე, საქართველოში არსებული სამგალობლო სკოლები, როგორც საეკლესიო მუსიკის აღორძინების უმთავრესი კერები. თითოეული სკოლისთვის დამახასიათებელი მრავალხმიანობის ფორმა და სტილი. განხილვა მოხდა, ანსამბლ „ბასიანის“ წევრებთან ერთად, ცოცხალი ილუსტრაციის მაგალითებზე.
18 ნოემბერს ჩატარდა ილიას უნივერსიტეტის პროფესორისა და ლიტერატურათმცოდნის, ლევან ცაგარელის საჯარო ლექცია – „ბაროკოს ხანის ლიტერატურა“.
ლექციაზე განხილული იყო, თუ როგორი მიზეზ-შედეგობრივი კავშირია კონტრრეფორმაციასა და ბაროკოს ხანის მწერლობას შორის და რატომაა ბაროკო მხოლოდ ევროპული ფენომენი. აღინიშნა, თუ ვის მიერ და ვისთვის იქმნებოდა ბაროკოს ხანის მწერლობა და როგორი იყო მისი სოციალური დანიშნულება XVII საუკუნის ევროპაში მცხოვრები ადამიანებისთვის. საუბარი ასევე შეეხო, თუ როგორ და რატომ შეერწყა ერთმანეთს ბაროკოს ხანის პოეზიაში სახვითი ხელოვნება და ტექსტი ერთმანეთს. ეს ყველაფერი კი დაგვეხმარა, რომ  მსჯელობა შეხებოდა ბაროკოს ხანის რამდენიმე ცნობილი მწერლის შემოქმედების თემატიკასა და ესთეტიკას.
საჯარო ლექციების ციკლი გრძელდება და 25 ნოემბერს, 19:00 საათზე, გია ბუღაძის საჯარო ლექცია – „რემბრანდტი“, სხვა ლექციებისგან განსხვავებით, არა ფიზიკურად, არამედ ონლაინფორმატში იქნება წარმოდგენილი.
მხატვარი გია ბუღაძე ლექციაზე მოგვითხრობს რემბრანდტის ცხოვრებაზე, მის შემოქმედებასა და ბაროკოს ეპოქის დიდი მხატვრის რამდენიმე შედევრს განიხილავს.
ლექციის ყურება შესაძლებელი იქნება „თბილისის ბაროკო ფესტივალის“ და „საქართველოს სინფონიეტას“ ფეისბუქის გვერდზე, აგრეთვე „საქართველოს სინფონიეტას“ YouTube არხზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები