ტრამპმა პუტინთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გააუქმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაგეგმილი შეხვედრა, რომელიც მომავალ კვირას ბუდაპეშტში უნდა გამართულიყო.

ტრამპის თქმით, მოლაპარაკებების ამ ეტაპზე არ არსებობდა პროგრესი, რაც შეხვედრის გამართვას მიზანშეწონილს გახდიდა.

“ჩვენ შევწყვიტეთ შეხვედრის მზადება პრეზიდენტ პუტინთან. უბრალოდ არ მგონია, რომ ახლა მივაღწევდით იმას, რაც საჭიროა. უკეთესია, დრო ტყუილად არ დავკარგოთ,“ — განაცხადა ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას.

Reuters-ის ინფორმაციით, ტრამპის გადაწყვეტილება ემთხვევა იმ დღეს, როცა ვაშინგტონმა რუსეთის ენერგეტიკულ სექტორზე ახალი სანქციები დააწესა. წყაროების თქმით, აშშ ცდილობს მოსკოვზე ფინანსური ზეწოლით მას უკრაინის საკითხზე დიპლომატიური ნაბიჯებისკენ უბიძგოს.

The Guardian-ის ცნობით, ბუდაპეშტში დაგეგმილი შეხვედრა თავდაპირველად მიზნად ისახავდა უკრაინის ომთან დაკავშირებული სამშვიდობო ინიციატივების განხილვას. თუმცა, როგორც გამოცემა წერს, მოლაპარაკებები “გაჩერდა წინსვლის არარსებობის გამო”.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა კომენტარისას განაცხადა, რომ მოსკოვი „ღიაა დიალოგისთვის“, თუმცა დასძინა, რომ „შეხვედრას აზრი მხოლოდ მაშინ ექნება, თუ მხარეები მზად იქნებიან ურთიერთპატივისცემის საფუძველზე საუბრისთვის“.

ტრამპმა აღნიშნა, რომ მომავალში პუტინთან შეხვედრის შესაძლებლობას არ გამორიცხავს, თუმცა განაცხადა, რომ „დროა, რეალური ნაბიჯები ვიხილოთ რუსეთის მხრიდან“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები