„თბილისის ფინანსური სამიტი შესანიშნავ შესაძლებლობას წარმოადგენს მომავლის ფინანსური ტექნოლოგიების განსახილველად. გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, საქართველოს ეკონომიკა მედეგი და მდგრადი აღმოჩნდა და მიაღწია ზრდის ისეთ მაჩვენებლებს, რომლებიც მრავალი განვითარებული ეკონომიკისთვისაც კი უპრეცედენტოა”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა თბილისის ფინანსური სამიტის ოფიციალურ გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
კერძოდ, მისი განმარტებით, ბოლო 4 წლის საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ თითქმის ორნიშნა მაჩვენებელს (9.7 პროცენტი) მიაღწია.
„დღესდღეობით საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა და შუა დერეფნის უნიკალური პოტენციალი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ბოლო წლებში შუა დერეფანში ტვირთბრუნვამ და ეკონომიკურმა აქტივობამ უპრეცედენტო ზრდა აჩვენა. ეს ტენდენცია ნათლად უსვამს ხაზს, რომ ჩვენი რეგიონი ჩამოყალიბდა უმნიშვნელოვანეს სავაჭრო არტერიად, რომელსაც ევროპისა და აზიის ეკონომიკებისთვისაც ახალი შესაძლებლობების შექმნა შეუძლია.
ამასთანავე, აუცილებელია, რომ ვაჭრობის ზრდას და ინფრასტრუქტურულ განვითარებას თან ახლდეს თანამედროვე ფინანსური სერვისების დანერგვა და გაძლიერება. სწორედ ინოვაციური საგადასახადო სისტემები, ფინანსური ტექნოლოგიები და სტაბილური საფინანსო სექტორი ქმნის იმ საყრდენს, რომელიც შუა დერეფანს არა მხოლოდ ყველზე ეფექტიან სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტად, არამედ ფინანსურ ჰაბადაც აქცევს.
საქართველო სწორედ ამ მიმართულებით დგამს მნიშვნელოვან ნაბიჯებს. ჩვენი ქვეყნისთვის პრიორიტეტია ტექნოლოგიური ინოვაციების ხელშემწყობი გარემოს შექმნა და ფინანსური სექტორის მარეგულირებელი ჩარჩოს საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.