“ვითხოვთ, ტენდერში გაიმარჯვოს ამ კომპანიამ”, “არ მოხდეს კომპანიის ცვლილება”, – გაურკვეველი მოთხოვნები და მიმართვა ოზურგეთის მერს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერს, ავთანდილ თალაკვაძეს უპოვართა სასადილოს ბენეფიციარებმა სპეციალური განცხადებით მიმართეს. მერიის შენობის წინ, უფასო სასადილოს ბენეფიციართა სახელით ადამიანების ჯგუფი შეიკრიბა, რომელთა მოთხოვნაც არის, არ მოხდეს ტენდერით, წინა წელს, კონსტანტინე შარაშენიძის მიერ შერჩეული კომპანიის ცვლილება, რომელიც უფასო სასადილოს ბენეფიციართა მომსახურებას ახორციელებს.

ბენეფიციარების თქმით, იმ დარბაზში, სადაც ამჟამად საკვებს იღებენ, პირობებით კმაყოფილები არიან და მისი შეცვლა არ სურთ. ამასთან, სოციალურად დაუცველები კვების დღიური თანხის 1,80 ლარის გაზრდასაც ითხოვენ.

მერის სახელზე დაწერილ განცხადებას 60 ბენეფიციარი აწერს ხელს.
იმ ფონზე, როდესაც ახალი მერი მუშაობას ორი დღეა, შეუდგა, ხოლო შესყიდვების სამსახურის უფროსს ჯერ არ დაუტოვებია თანამდებობა და არც კომპანიის შეცვლაზე ყოფილა რაიმე მსჯელობა ახალ მერთან,  აღნიშნული აქცია კითხვებს აჩენს.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ბენეფიციარებს საკუთარ კაბინეტში შეხვდა და მათი მოთხოვნების შესახებ მოისმინა.

ცნობისთვის, უფასო სასადილო უკვე სამი წელია საბანკეტო დარბაზ “ნატალიშია” განთავსებული. ბენეფიციარების კვებას ინდმეწარმე, ნათია ღლონტი უზრუნველყოფს. მერიის ინფორმაციით, ღლონტის ხელშეკრულებას 31 დეკემბერს გასდის ვადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები