მიმდინარე წელს კონფისკაციას პირველი ჯგუფის 36 513 ერთეული მედიკამენტი დაექვემდებარა
2021 წლის პირველი იანვრიდან დღემდე, უკანონო ფარმაცევტული საქმიანობის 84 ფაქტი გამოვლინდა, მათ შორის სამართალდარღვევა, ერთი წლის განმავლობაში, განმეორებით დაფიქსირდა 34 შემთხვევაში. საერთო ჯამში, კონფისკაციას დაექვემდებარა 36 513 ერთეული პირველ ჯგუფს მიკუთვნებული მედიკამენტი, – ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის მოადგილე გიორგი გუნცაძე აღნიშნავს, რომ სააგენტოს თანამშრომლები, საკონტროლო შესყიდვებს ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებენ.
„სააგენტო ახდენს უკანონო ფარმაცევტული პროდუქტის ჩამორთმევას და დალუქვას. დარღვევასთან დაკავშირებით შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი კი ეგზავნება სასამართლოს, შემდგომი რეაგირებისთვის. ავტორიზებული აფთიაქის საქმიანობა ნებართვის გარეშე იწვევს დაჯარიმებას 8000 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორებითი სანქცია 16 000 ლარს შეადგენს. პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციის წესის დარღვევა, პირველ ეტაპზე 6000 ლარს ითვალისწინებს, განმეორებით კი – 12000 ლარს. აქვე, მინდა აღვნიშნო, რომ რეგულირების სააგენტო, უფლებამოსილებას ახორციელებს მხოლოდ ადმინისტრაციული კუთხით. სისხლის სამართლის ტიპის დანაშაულის გამოვლენის შემთხვევაში, მისი გადაგზავნა ხდება შესაბამის უწყებებში“, – განმარტავს გიორგი გუნცაძე.
გარდა აფთიაქებისა, სანქცია ეკისრება ავტორიზებულ აფთიაქში მომუშავე ფარმაცევტსაც. იმ შემთხვევაში, თუ ფარმაცევტი უკანონოდ ახდენს მედიკამენტის რეალიზაციას, მას 3 წლით ეზღუდება მუშაობის უფლება და მისი განთავსება ხდება სამართალდამრღვევ პირთა რეესტრში. 2020 წელს, სამართალდამრღვევ პირთა რეესტრში განთავსდა 8 ფარმაცევტი, ხოლო 2021 წელს – 9.