6 თვის კოვიდპაციენტს, რომელიც ძილს ვერ ახერხებდა, “ბომონდში” აკვანი მიუტანეს (ფოტო)
კლინიკა “ბომონდში” 6 თვის ჩვილი კორონავირუსის დიაგნოზით მკურნალობს.
როგორც სოციალურ ქსელში კლინიკის ოფიციალური გვერდიდან ირკვევა, პატარა გალის მუნიციპალიტეტის მკვიდრია.
“ხშირად ვამბობთ, რომ “კლინიკა ბომონდი” ერთი დიდი ოჯახია, რომლის თითოეული
წევრი თითოეულ პაციენტს ასევე ოჯახის წევრად აღიქვამს და მათზე მთელი გულით ზრუნავს.
ვამბობთ და ეს მხოლოდ ცარიელი სიტყვები არ არის. აღნიშნული სიტყვების ჭეშმარიტებას კლინიკის გუნდი ყოველდღე ამტკიცებს.
როგორც თქვენთვის ცნობილია, კლინიკა “ბომონდი” აქტიურად არის ჩართული პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში. კლინიკის კოვიდცენტრის ბავშვთა განყოფილება 0 წლიდან 12 წლამდე ასაკის პაციენტებს დასავლეთ საქართველოს მასშტაბით იღებს და მათ შესაბამის მკურნალობას უწევს.
გალის მკვიდრი, კოვიდდადებითი ემილი შაკაია მკურნალობის კურსს “ბომონდი”-ს კოვიდცენტრში გადის. ემილი 6 თვის არის.
როგორც გაირკვა, პატარა პაციენტი დაძინებას მხოლოდ აკვანში
ახერხებდა, სხვა შემთხვევაში, მისი დაძინების ყოველი მცდელობა უშედეგოდ სრულდებოდა. შესაბამისად, კლინიკის გუნდმა იზრუნა იმაზე, რომ ემილის აკვანი და ტკბილი ძილის შესაძლებლობა ჰქონოდა”, – აცხადებენ კლინიკაში.