გოგა ჩანადირი: დაუყოვნებლივ უნდა აიკრძალოს სათამაშო ბიზნესის ყველანაირი რეკლამა და უფასო სათამაშო შეთავაზებები

“ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებთ, რა პიროვნულ ტრაგედიებს ქმნის და უბედურება მოაქვს სათამაშო ბიზნესს.
ვინც მათ რეკლამას აკეთებს, მინდა, ვკითხო, გიღირთ სხვების გაუბედურებით ნაშოვნი ფულით პურის ჭამა?”, – ამის შესახებ ბლოგერი და ფოტოგრაფი, გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რითაც ონლაინ კაზინოებთან დაკავშირებით პრემიერმინისტრის ინიციატივას ეხმიანება.

როგორც ჩანადირი, “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს, დაუყოვნებლივ უნდა აიკრძალოს სათამაშო ბიზნესის ყველანაირი რეკლამა.

“თურმე, ინტერნეტსამორინეების გამო, ქვეყნიდან მილიარდნახევარი ლარი გადის.
ეს განაცხადა დღეს პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და აღნიშნა, რომ მთავრობა შეზღუდვებს დააწესებს.

ხომ წარმოგიდგენიათ, ეს მაჩვენებელი როგორ ურტყამს ეკონომიკას და ცალკეულად რამდენ ადამიანს აუბედურებს?

სათამაშო ბიზნესს ქვეყნისა და ადამიანებისთვის უფრო მეტი ბოროტება მოაქვს, ვიდრე – სარგებელი.
განსაკუთრებით უკონტროლოა ინტერნეტსამორინეები, რომლებიც მოზარდებს ადვილად ითრევენ.
სათამაშო ბიზნესის რეკლამები მოგების ილუზიას ქმნიან. ხოლო უფასო მაცდუნებელი შეთავაზებები კიდევ უფრო ახალისებს ადამიანების ჩართვას თამაშში და, შესაბამისად, მათ გაუბედურებასა და გაღატაკებას უწყობს ხელს.
დაუყოვნებლივ უნდა აიკრძალოს სათამაშო ბიზნესის ყველანაირი რეკლამა და უფასო სათამაშო შეთავაზებები.

ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებთ, რა პიროვნულ ტრაგედიებს ქმნის და უბედურება მოაქვს სათამაშო ბიზნესს.
ვინც მათ რეკლამას აკეთებს, მინდა, ვკითხო, გიღირთ სხვების გაუბედურებით ნაშოვნი ფულით პურის ჭამა?”, – წერს გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, დღეს პრემიერმინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ, პირველ ეტაპზე, ონლაინ კაზინოებისთვის გადასახადის გაზრდა, რეკლამის აკრძალვა, მომხმარებლების ასაკობრივი ზღვარის 25 წლამდე აწევა იგეგმება, მეორე ეტაპზე კი – მათი საერთოდ აკრძალვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები