კახეთის რეგიონში ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების 26 ფაქტი გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების 26 ფაქტი გამოავლინეს, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სამართალდარღვევები გამოვლენილია ლაგოდეხის, ყვარლის, საგარეჯოს, ახმეტისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში.

მოქალაქეებმა სატყეო უბნებში, ასევე შპს „ფაუნას“ ტერიტორიაზე, უკანონოდ დაამზადეს, ჯამში, დაახლოებით 58 კუბური მეტრი საშეშე მერქანი და მორი და მათი უკანონო ტრანსპორტირება მოახდინეს.

სატრანსპორტო საშუალებები დაილუქა. სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ოქმები ადმინისრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლებით.

გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 2 სისხლის სამართლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს: ახმეტის მუნიციპალიტეტში, მოქალაქემ უკანონოდ მოჭრა 4 ერთეული წიფლის სახეობის ხე-მცენარე და მათგან მიღებული 9 ერთეული მრგვალი მორის უკანონო ტრანსპორტირება მოახდინა; ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში კი, მოქალაქემ 2 ერთეული ცაცხვის სახეობის ხე-მცენარე მოჭრა უკანონოდ და მათგან მიღებული 6 მორის უკანონო ტრანსპორტირება მოახდინა.

მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები