ლევან დავითაშვილი: ადამიანებს, რომლებიც შემოსავალს სოციალურად დაუცველის სტატუსით იღებენ, საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვით, შემოსავალი უნდა გაეზარდოთ, ახალი შესაძლებლობები უნდა გაჩნდეს

მთავრობის ადმინისტრაციაში, სხდომის დასრულების შემდეგ, ვიცეპრემიერმა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, მთავრობის მეთაურის მიერ, სხდომის დაწყებამდე, სოციალური პოლიტიკის ახალი ხედვით განვითარების შესახებ გაკეთებულ განცხადებაზე დეტალურად ისაუბრა და ინიციატივის წინაპირობები და მიზნები განმარტა.

„წლის ბოლოსთვის გვექნება მოდელი, რომელიც მოსახლეობის ინტერესებს ნამდვილად უპასუხებს. მინდა, განვმარტო, რომ ინიციატივა, რომელიც პრემიერმინისტრმა გააჟღერა, გულისხმობს იმ შრომისუნარიანი მოსახლეობის გააქტიურებას, საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვას, რომლითაც მოსახლეობის სოციალური პირობები უნდა გაუმჯობესდეს. გაჩნდა კითხვა, რამდენად შეიძლება, ეს იყოს სოციალური დახმარების ალტერნატივა.

ჩვენ ვამბობთ, რომ დღეისთვის, ადამიანებს, რომლებიც შემოსავალს იღებენ ამ სტატუსით, შემოსავალი უნდა გაეზარდოთ, ახალი შესაძლებლობები უნდა გაჩნდეს. რა თქმა უნდა, მუშაობასთან ერთად, მათი კვალიფიკაციაც უნდა ამაღლდეს, უნდა გააქტიურდნენ შრომისუნარიანი ადამიანები.

 

ჩვენ, დაახლოებით, 200-250 ათასი ასეთი ადამიანი გვყავს. ამაზე არსებობს დეტალური ინფორმაცია იმის მიხედვით, თუ როგორია სოციალური დახმარების მიმღები შრომისუნარიანი მოსახლეობის სტრუქტურა, რომელიც წარმოდგენილია სხვადასხვა მუნიციპალიტეტსა და რეგიონში. რა თქმა უნდა, ჩვენ ერთად, ერთობლივი ძალებით, ქვეყანა უნდა ავაშენოთ და ამას სჭირდება საზოგადოების ყველა იმ წევრის ჩართულობა, რომელსაც ძალა შესწევს, რომ აკეთოს საქმე ქვეყნის ასაშენებლად. რა თქმა უნდა, ასევე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკის განსავითარებლად.

ჩვენ დავინახეთ, რომ ბევრ სამუშაო ადგილზე დეფიციტი იყო. ეს ეხება კერძო სექტორსაც – სოფლის მეურნეობა იქნება ეს, გადამამუშავებელი მრეწველობა, სამშენებლო სექტორი თუ სხვა. ამ ინიციატივის ფარგლებში, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა შევძლოთ ახალი სამუშაო ადგილების შექმნაც, რადგან, მუნიციპალიტეტის დონეზე, ძალიან ბევრი გამოწვევა გვაქვს. მაგალითად, ეს უკავშირდება ჩვენი ბუნების მოვლას, ჩვენი ქვეყნის უფრო სუფთად შესანახად… მათ შორის, ძალიან ბევრი სამუშაო ადგილი შეიძლება გაჩნდეს ჩვენი სამინისტროს მიმართულებითაც – ტყის, დაცული ტერიტორიების უკეთ მოვლას და ა.შ. ამ თვალსაზრისით, ჩვენ ყოველთვის ვხედავთ სამუშაო ძალის დეფიციტს. რა თქმა უნდა, ამ ადამიანებს გარკვეული კვალიფიკაცია უნდა მივცეთ და შემდგომში, მათი შემოსავალი, ახალი სამუშაო შესაძლებლობების გამოყენების შედეგად, უნდა გაიზარდოს“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ, ნაცვლად სოციალური დახმარებისა, სახელმწიფომ შრომისუნარიან მოქალაქეებს სამუშაო ადგილები უნდა შესთავაზოს. მისი თქმით, ქვეყანაში, დაახლოებით, 600 ათასი სოციალურად დაუცველი მოქალაქეა და მათგან თითქმის ნახევარი შრომისუნარიანია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები