კონკურენციის ეროვნული სააგენტო რეგიონებში ადგილობრივ ბიზნესთან შეხვედრებს მართავს

გორსა და ახალციხეში, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ინიცირებით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერის პროექტისა (AA Facility) და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, სემინარები გაიმართა. ინფორმაციას კონკურენციის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, ადგილობრივი ხელისუფლების, მეწარმეებისა და ბიზნესის წარმომადგენლებისთვის გამართული სამუშაო შეხვედრა საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ გახსნა და მონაწილეებს კონკურენციის კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებებისა და მიღებული შედეგების შესახებ ინფორმაცია წარუდგინა.

“ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ: სავაჭრო-სამრეწველო პალატის ბიზნესისა და რეგიონული განვითარების დეპარტამენტის დირექტორი, გიორგი ვეკუა; AA Facility-ის პროექტის ექსპერტი, ნინო მუჯირი; კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან კალანდაძე; სააგენტოს ანტიდემპინგური ღონისძიების დეპარტამენტის უფროსი, ნიკა სერგია და იურიდიული დეპარტამენტის უფროსი მოადგილე, მედეა აკოლაშვილი.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა და მონაწილეებმა ერთობლივად იმსჯელეს სააგენტოს ახალ უფლებამოსილებებსა და პროცედურულ ნორმებზე, კონკურენციის სამართლებრივ წარმოებაში სასამართლოს როლზე, ინფორმაციის გამოთხოვისა და ადგილზე შემოწმების მექანიზმებზე, კონცენტრაციების კონტროლის საკითხებზე, საერთაშორისო პრაქტიკასა და მიდგომებზე. ასევე, ეკონომიკის რეგულირებად სექტორებში კონკურენციის აღსრულების მეთოდებზე, ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიებების შემოღების მიზნით შესწავლის განხორციელების წესისა და პროცედურების შესახებ და ა.შ.

პირველი გასვლითი სამუშაო შეხვედრა ადგილობრივი ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან კახეთის რეგიონში შედგა. შემდეგი შეხვედრები ანტიდემპინგური და კონკურენციის კანონმდებლობის შესახებ ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდშია დაგეგმილი”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები