„მართვის მოწმობის გამოცდის რეალურ პირობებში ჩაბარება საგზაო უსაფრთხოებისკენ გადადგმული ყველაზე დიდი ნაბიჯია“ – მევლუდ მელაძე
ტრანსპორტის საკითხების ექსპერტის, “საქართველოს საავტომობილო ფედერაციის” ვიცეპრეზიდენტის, მევლუდ მელაძის განცხადებით, მართვის მოწმობის გამოცდის რეალურ პირობებში ჩაბარება საგზაო უსაფრთხოებისკენ გადადგმული ყველაზე დიდი ნაბიჯია.
ამის შესახებ მელაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
მელაძემ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებები შეაფასა.
„ყველაზე დიდი ნაბიჯი, რაც საგზაო უსაფრთხოებისკენ გადაიდგა, სწორედ ახლა არის: მართვის მოწმობის გამოცდის გარეთ, ქუჩაში გამოტანა იმას ნიშნავს, რომ მძღოლს, რომელიც გამოცდას ჩააბარებს და მართვის მოწმობას აიღებს, იმდენი კვალიფიკაცია ექნება, ქალაქში გადაადგილება შეძლოს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. აქამდე რაც იყო: მართვის მოწმობას, ასე ვთქვათ, თვითმკვლელებს ვაძლევდით, ჩააბარებდა დაზეპირებულ, მცირე ზომის ტერიტორიაზე რაღაცას, ამის შემდეგ გამოდიოდა ქუჩაში და თავად იღებდა პრაქტიკას. “კამიკაძეები” იყვნენ. ეს ახალი ნაბიჯი აბსოლუტურად სწორია. 3-4- წელში ეს შედეგს მოიტანს.
დანარჩენი ნაბიჯები, რაც აქამდე იყო: იგივე კამერები, დამატებითი ხელსაწყოების ჩართვა იმისათვის, რომ სიჩქარე შემცირდეს და ა.შ. ეს ყველაფერი შემაკავებელი იყო, მაგრამ არ იყო ნაბიჯი იქით, რომ საგზაო უსაფრთხოება გამოსწორებულიყო. მაგრამ ახლა საგზაო უსაფრთხოების გამოსასწორებლად მიღებული ცვლილებები უკვე დიდი ნახტომია. ვფიქრობ, სადაც 3-4 წლის ვადაში აღნიშნული ცვლილებები მოგვცემს იმას, რომ საგზაო შემთხვევები მინიმუმ გამესამდდება, გამეოთხედდება და კლებაში წავა“, – განაცხადა მელაძემ.
მისივე თქმით, საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების კუთხით ასევე მნიშვნელოვანია ავტოსკოლების რეგულირებაც.
„გრძელვადიან პერსპექტივაში ამ ნაბიჯის მერე რასაც ველოდები, არის ის, რომ ავტოსკოლების რეგულირება მოხდეს. ერთია, რომ გამოცდას ჩავაბარებთ, პრაქტიკული ნაწილი იქნება გარეთ და მეორეა ის, თუ ვინ და როგორ გვასწავლის ამ ყველაფერს. ამას, რა თქმა უნდა, რეგულირება სჭრიდება. მინდა, საბოლოოდ მივიღოთ ის შედეგი, რაც სკანდინავიურ ქვეყნებშია, რომ არცერთი საგზაო შემთხვევა ფატალური შედეგით აღარ სრულდებოდეს“, – განაცხადა მელაძემ.
მანვე მოპედებით გადაადგილების რეგულირების საკითხიც შეაფასა.
„რაც შეეხება მოპოდებს: ახალი კანონმდებლობის მიხედვით, ყველას, ვინც მოპედს და სკუტერს მართავს, მართვის მოწმობა უნდა ჰქოდნეს და მინიმუმ 16 წლის უნდა იყოს. მას, ვისაც საერთოდ არ აქვს მართვის მოწმობა, მხოლოდ თეორიული ნაწილი იქნება ჩასაბარებელი იმისათვის, რომ AMკატეგორიის მოწმობა აიღოს. რატომ არის ეს ცვლილება მნიშვნელოვანი: ძალიან ბევრი საგზაო შემთხვევა ხდებოდა, რომლის მონაწილეებიც სკუტერისა და მოპედის მძღოლები იყვნენ, ისინი აბსოლუტურად ყველა წესს უგულებელყოფდნენ. საჭირო გახდა, რომ ეს რეგულრიების ქვეშ მოქცეულიყო. ამ კანონის ამოქმედების შემდეგ ყველა, ვინც მართვას ნებისმეირ სატრანსპორტო საშუალებას, ვალდებული იქნება, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ყველა წესი დაიცვას“, – განაცხადა მელაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტმა მართვის მოწმობის გამოცდის რეალურ პირობებში ჩაბარების და მოპედების რეგისტრაციის შესახებ კანონში შესატანი ცვლილება მესამე მოსმენით დაამტკიცა.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტი დეპუტატებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ წარუდგინა.
შსს-ს ცნობით, კანონპროექტის ერთ-ერთ უმინიშვნელოვანეს სიახლეს მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის რეფორმა წარმოადგენს. პროექტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი ხდება. პირველი ეტაპი (სპეციალური მანევრები) ჩატარდება დახურულ საგამოცდო მოედანზე, ხოლო მისი წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მეორე ეტაპი ჩატარდება რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში, წინასწარ შერჩეულ და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დამტკიცებულ მარშრუტებზე.
„სიახლეს წარმოადგენს ასევე A2 ქვეკატეგორიის შემოღება, რომელიც მოიცავს საშუალო სიმძლავრის მოტოციკლს.
მართვის მოწმობის მისაღები გამოცდის ახალი წესი B და BE კატეგორიის (მსუბუქი ავტომობილი მისაბმელით ან მის გარეშე) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მიღების მსურველთათვის 2022 წლის 25 აპრილიდან ამოქმედდება, ხოლო სხვა კატეგორიების/ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მიღების მსურველთათვის – 2022 წლის 7 ნოემბრიდან“, – ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, კანონპროექტის ერთ-ერთ მთავარ სიახლეს წარმოადგენს მოპედის მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დეფინიციაში მოქცევა.
“ცვლილების შედეგად, მოპედი დაექვემდებარება კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაციას და მის სამართავად პირს სავალდებულოდ დასჭირდება ახალი – AM კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის აღება. შესაბამისად, მოპედებზე, გარკვეული თავისებურებების გათვალისწინებით, გავრცელდება სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების მიმართ არსებული რეგულაციები.
მოპედის მართვის უფლების მოსაპოვებლად მინიმალური ასაკობრივი ზღვარი განისაზღვრება 16 წლით. აღსანიშნავია, რომ ნებისმიერი კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს აგრეთვე ექნება უფლება, მართოს AM კატეგორიის სატრანსპორტო საშუალება.
აღსანიშნავია, რომ AM კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოპოვება და ამავე კატეგორიაში შემავალი სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია ნებაყოფლობითია 2022 წლის 28 მარტამდე, რის შემდეგაც ის სავალდებულო გახდება“, – აცხადებენ შსს-ში.
თამუნა შეყილაძე