ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში რიგით 103-ე შეხვედრა მიმდინარეობს.
მხარეები შეხვედრაზე ოკუპანტების მიერ ადგილობრივების უკანონოდ დაკავების ფაქტებს, ბორდერიზაციისა და ახალგორის გამშვები პუნქტის აღდგენის საკითხს განიხილავენ.
შეხვედრაზე გენადი ბესტაევის საკითხზეც იმსჯელებენ, რომელიც უკანონო ტყვეობაში 2 წლის განმავლობაში იმყოფებოდა. ბესტაევი მესამე დღეა, ქართულ-ჰოლანდიურ კლინიკაში მძიმე მდგომარეობაშია.
„განვიხილავთ ყველა მნიშვნელოვან ინციდენტს. განვიხილავთ ჩვენი მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტებს, უკანონო ბორდერიზაციის პროცესს, რომელიც კვლავ აქტიურ ფაზაშია შესული. ბუნებრივია, გვერდს ვერ ავუვლით ჩვენი მოქალაქის, გენადი ბესტაევის მდგომარეობას, რომელიც გადმოყვანილი იქნა ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. მას ჩაუტარდა ოპერაცია და მისი მდგომარეობა რჩება სტაბილურად მძიმე. გენადი ბესტაევი იყო უკანონოდ დაკავებული აბსურდული ბრალდების საფუძველზე. 15 ნოემბერს მივიღეთ ცხელი ხაზით ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და მოხდა მისი გადმოყვანა. პროცესში აქტიურად იყო ჩართული ყველა მისია. სრული პასუხისმგებლობა ჩვენი მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტებზე ეკისრება რუსეთის ფედერაციას. სახელმწიფოსთვის პრიორიტეტია ყველა მოქალაქე და გენადი ბესტაევის საკითხი ყოველთვის განიხილებოდა ყველა არსებულ ფორმატში, მათ შორის, ჟენევის მოლაპარაკებებზე. მიდის აქტიური მუშაობა აფხაზეთის მიმართულებით ამ ფორმატის აღდგენისთვის. ირაკლი ბებუას გათავისუფლების საკითხი ასევე არის განხილვის მთავარი საგანი და ამ პროცესში ჩართულები არიან ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები“, – განაცხადა სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ.