ადვოკატი: კონსილიუმის დასკვნიდან ჩანს, რომ სააკაშვილის მე-18 დაწესებულებაში ყოფნის ყოველი წუთი მისი სიცოცხლისთვის სახიფათოა
“სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმი მაღალი რეპუტაციის მქონე ექიმებისგანაა დაკომპლექტებული – დასკვნიდან ჩანს, რომ სააკაშვილის მე-18 დაწესებულებაში ყოფნის ყოველი წუთი მისი სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია”, – ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ განაცხადა.
მისივე თქმით, კონსილიუმის დასკვნა სავალდებულო წესით უნდა იქნას გაზიარებული.
“ის კონსილიუმი, რომელიც შეიკრიბა, არის მაღალი კომპეტენციის და ძალიან მაღალი რეპუტაციის მქონე ექიმებისგან დაკომპლექტებული. შესაბამისად, მათი დასკვნა არა მხოლოდ ყურადსაღებია, მათი დასკვნა სავალდებულო წესით უნდა იქნეს გაზიარებული და ამ დასკვნიდან ნათლად ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილის მე-18 დაწესებულებაში ყოფნის ყოველი წუთი მისი სიცოცხლისთვის არის საფრთხის შემცველი. ეს დასკვნები, სამართლებრივი თვალსაზრისით, ჩვენს პოზიციებს კიდევ უფრო ამყარებს და რასაც ჩვენ ვასაბუთებდით და ვითხოვდით ამ დრომდე, დამატებითი უმნიშვნელოვანესი დამოუკიდებელი ორგანოს დამოუკიდებელი პირების, დამოუკიდებელი კონსილიუმის გაცემული დასკვნით გამყარდება”, – განაცხადა ბასილაიამ.
ცნობისთვის, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ ჰოსპიტალში.