“ევროპული საქართველო“ პარტიულად ვერ შეუერთდება იმ ღონისძიებებს და ვერ აიღებს პასუხისმგებლობას, რომლის არც დაგეგმვაში, არც გადაწყვეტილებაში მონაწილეობა არ მიუღია”, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, აკაკი ბობოხიძემ ოპოზიციის ნაწილის მიერ პარასკევს დაანონსებულ საპროტესტო აქციაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, პარტიის წევრებმა აქციაში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღონ.
„ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას, როგორც არასდროს, ისე სჭირდება კოორდინაცია, კოორდინაციას სჭირდება თანამშრომლობა. სამწუხაროდ, ორგანიზატორი პარტიების მხრიდან არა თუ კოორდინებაზე მზაობა, არამედ შემოთავაზებაც არ გამიგონია, ამიტომ, „ევროპული საქართველო“, ცხადია, პარტიულად ვერ შეუერთდება იმ ღონისძიებებს და ვერ აიღებს პასუხისმგებლობას, რომლის არც დაგეგმვაში, არც გადაწყვეტილებაში მონაწილეობა არ მიუღია. პარტიის წევრები მიიღებენ თუ არა მონაწილეობას, ეს მათ პირადად უნდა გადაწყვიტონ“, – განაცხადა ბობოხიძემ.
ცნობისთვის, 19 ნოემბერს, “ნაციონალური მოძრაობა”, “ლელო”, “დროა” და “გირჩი – მეტი თავისუფლება” თბილისში აქციას გამართავენ.