პროკურატურამ დიდი ოდენობით უძრავი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით უძრავი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ერთ პირს ბრალი წარუდგინა, – ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წელს ა(ა)იპ “ლტოლვილ ინვალიდთა ასოციაცია“ გეგმავდა გაესხვისებინა ქალაქ ბორჯომში მდებარე მათი კუთვნილი უძრავი ქონება, რათა მიღებული შემოსავლით გადაეჭრათ ასოციაციის წევრი – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დასაქმებისა და მათი მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების საკითხი. აღნიშნული ცნობილი გახდა ბრალდებულისთვის და ამ ქონების თაღლითურად დაუფლების მიზნით იგი დაუკავშირდა ასოციაციის წარმომადგენლებს, რომელთაც შესთავაზა ქონების გაყიდვაში დახმარება.

კერძოდ, მან დაარწმუნა ისინი, რომ მას მოძიებული ჰყავდა კონკრეტული უცხოელი ინვესტორი, რომელიც დაინტერესებული იყო ამ ქონების შეძენით. თუმცა, ინვესტორი ასოციაციის ბალანსზე არსებულ უძრავ ქონებას მას შემდეგ შეიძენდა, რაც ქონება მასზე, როგორც ინვესტორისთვის სანდო პირზე გადაფორმდებოდა, ხოლო ინვესტორის მიერ უძრავი ქონების შეძენისათვის გადახდილ თანხას იგი ასოციაციის ანგარიშზე ჩარიცხავდა. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად, უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა, რომელშიც მიეთითა, რომ თითქოსდა ბრალდებულმა გადაიხადა უძრავი ქონების ღირებულება – 800 000 აშშ დოლარის ოდენობით, რაც რეალურად არ გადაუხდია. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, 2017 წლის 29 აგვისტოს, ა(ა)იპ “ლტოლვილ ინვალიდთა ასოციაციის” კუთვნილი უძრავი ქონება დარეგისტრირდა ბრალდებულის საკუთრებად. მიუხედავად დაპირებისა, ბრალდებულმა ინვესტორი არ შემოიყვანა, ასოციაციას ქონების ღირებულება არ გადაუხადა და არც ქონება დაუბრუნა.

შედეგად ბრალდებული თაღლითურად დაეუფლა ბორჯომში, ა(ა)იპ „ლტოლვილ ინვალიდთა ასოციაციის“ კუთვნილ 4652 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებს. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა ჩადენილი დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას ან 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები