„ყველას მოვუწოდებთ, გაზის დანადგარებთან ფრთხილად იყვნენ, გაზის სუნის არსებობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ 114-ზე დარეკონ“ – „სწრაფი რეაგირების სამსახურის“ უფროსი
„სწრაფი რეაგირების სამსახური 114-ის“ უფროსი, ირაკლი დეკანოიძე ზამთრის სეზონთან დაკავშირებით მოქალაქეებს აფრთხილებს და მოუწოდებს, გაზის დანადგარების მოხმარებისას ფრთხილად იყვნენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით დეკანოიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„დადგა ზამთრის სეზონი და გაზის დანადგარების უყურადღებოდ მოხმარებასთან დაკავშირებით პრობლემებმა იჩინა თავი. გუშინ 28-ე კორპუსი გადარჩა აფეთქებას. ეს გარდაუვალი აფეთქება იქნებოდა, რომ არა კეთილსინდისიერი ადამიანის მაღალი მოქლაქეობრივი თვითშეგნება, რომელმაც ჩვენ დაგვირეკა. ყველა მოქალაქეს მოვუწოდებთ, გაზის დანადგარებთან ფრთხილად იყვნენ, სახლიდან გასვლის წინ გაზის ონკანი აუცილებლად გადაკეტონ, ექსპლოატაციის დროს გაზის დანადგარები უყურადღებოდ არ დატოვონ და გაზის სუნის არსებობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ დარეკონ სწრაფი რეაგირების სამსახურის ნომერზე, 114-ზე.
ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად, სწრაფი რეაგირების სამსახურში გამოძახებებმა იმატა. ჩვენი მხრივ, ფაქტზე რეაგირება და საშიში მდგომარეობის განეიტრალება მაქსიმალურად მოკლე ვადაში ხდება“, – განაცხადა დეკანოიძემ.
დეკანოიძე იმ ახალ რეგულაციასაც გამოეხმაურა, რომელიც დეკემბრიდან ამოქმედდება და გაზზე მომუშავე ტექნიკის რეალიზაციას შეეხება.
„რაც შეეხება ახალ რეგულაციას: აღნიშნული ცვლილება მოქალაქეებს დაეხმარება, მხოლოდ სერტიფიცირებული დანადგარები დააყენონ და გაზის მოხმარება კუსტარუალად დამონტაჟებული დანადგარებით არ მოხდება“, – განაცხადა დეკანოიძემ.
დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით განმარტება გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯის” ტექნიკური დირექტორის მოადგილემ, გიორგი ლეფსვერიძემაც გააკეთა.
„ახალი რეგულაცია 1-ელი დეკემბრიდან შემოდის. ესაა დადგენილება N 86, რომელიც მთავრობამ მიიღო. ჩვენ ამას გავეცანით, ესაა გაზის დანადგარების იმპორტიორების შემოწომება. თქვენი მხრიდან ხშირად ისმებოდა კითხვა: თუ ღია წვის კამერიანი დანადგარები არ შეიძლება, რატომ იყიდება ბაზარზე? ჩვენმა მთავრობამ ძალიან კარგი დადგენილება მიიღო, რომელიც უშაულოდ ხარისხზე აკეთებს აქცენტს. შესაბამისად, ღია წვის კამერიანი დანადგარების ბაზარზე გამოტანა შეიზღუდება. სერტიფიკატი თუ არ აქვს დანადგარს, მისი გაყიდვა შეიზღუდება. ეს ძალიან კარგი დადგენილებაა და ბაზარზე სიტუაციას გამოასწორებს. შესაბამისად, ჩვენი აბონენტებიც სერტიფიცირებულ, უასაფრთხო, ეკოლოგიურად სუფთა დანადგარებს შეიძენენ, რაზეც აღნიშულ დადგენილებაშია საუბარი“, – განაცხადა ლეფსვერიძემ.
თამუნა შეყილაძე