“თბილისი ენერჯის” ინფორმაციით, წელს ქალაქში აფეთქებას 28 კორპუსი გადაურჩა – „ღია წვის კამერიანი დანადგარის დამონტაჟება არ შეიძლება“

გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯის” ტექნიკური დირექტორის მოადგილის , გიორგი ლეფსვერიძის ინფორმაციით, 2021 წელს თბილისში აფეთქებას 28 კორპუსი გადაურჩა.

ამის შესახებ ლეფსვერიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, აბონენტების ნაწილი გაზის მოხმარების უსაფრთხოების წესებს არ იცავს და კომპანიის მიერ ჩახსნილ დანადგარებს თვითნებურად, გაზის ქსელზე ისევ აერთებს.

როგორც ლეფსევრიძემ განმარტა, ბინებში ღია წვის კამერიანი დანადგარების დამონტაჟება საფრთხის შემცველია.

„ზამთრის სეზონი დაიწყო და შესაბამისად, გაზის სფეროში მომხდარი უბედური შემთხვევები აქტუალური გახდა. მინდა, ჩვენს მომხარებლებს რამდენიმე ინფორმაცია მივაწოდო.
პირველი: მინდა, პირველ რიგში, იმ ადამიანებს მივმართო, რომლებიც ბინებს აქირავებენ და აგირავებენ, ასევე ადამიანებს, რომლებიც აპირებენ, იქირაონ, ან იგირაონ ბინები. თბილისში, ბოლო წლების მანძილზე მომხდარი 21 უბედური შემთხვევის 95 % დაქირავებულ და დაგირავებულ ბინებში მოხდა. შესაბამისად ის ადამიანები, რომლებიც ქირაობენ , ან აპირებენ ქირაობას, ვალდებულები არიან, ბინაში შესვლის წინ დაუყოვნებლივ მოგვმართონ ჩვენი ცხელი ხაზის ნომერზე: 2 40 40 04; შეგვამოწმებინონ ბინაში არსებული გაზის მილები, დანადგარები და მხოლოდ ჩვენი დადებითი დასკვნის შემდეგ გააგრძელონ ამ დანადგრების ექსპლუატაცია.

ჩვენ კანონით ისედაც გვევალება და ყოველ წელიწადში ერთხელ ყველა აბონენტთან შევდივართ, სადაც აღმოვაჩენთ არასწორად დამონტაჟებულ ღია წვის კამერიან დანადგარებს, ეს არის გამათბობელი, თუ წლის გამაცხელებელი, ვხსნით და შემდგომ ვამოწმებთ, თვითნებურად ხომ არ მოხდა მიერთება. რატომ ვამახვილებ ამაზე ყურადღებას: თბილისი მასშტაბით ჩვენ მიერ ჩახსნილი იყო 66 500 დანადგარი, რომელიც ნორმებს არ აკმაყოფილებდა და პოტენციურ საფრთხეს შეიცავდა, რომ უბედური შედეგი დამდგარიყო, გადამოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ 40 %-მა ჩვენი მითითება ყურად არ იღო და თვითნებურად აღნიშნული დანადგარები გაზის ქსელს ისევ მიაერთა, რითაც საფრთხე შეუქმნა არა მარტო თავის თავს , არამედ მთელ სამეზობლოს, რადგან დანადგარი არსწორადაა დამონტაჟებული და არავინ იცის , ეს მომწამვლელი აირი, ნახშირჟანგი, სად წავა, სავენტილაციოში მოხვდება, თუ ბინაში დაგროვდება. ყოფილა შემთხვევები, როცა ერთი მეზობლის დაუდევრობამ, თვითნებობამ სხვა მეზობლების გარდაცვალება გამოიწვია. დახურულ სივრცეში ღია წვის კამერიანი დანადგარების დამონტაჟება სასტიკად აკრძალულია. მინდა, ეს ყველა მომხმარებელმა გაითვალისწინოს, როცა დანადგარის შეძენას დააპირებს. ღია წვის დანადგარი არ შეიძლება დახურულ სივრცეში, ანუ ბინაში დამონტაჟდეს, ეს პოტენციურად საფრთხის შემცველია“ – განაცხადა ლეფსვერიძემ.

მისივე თქმით, გუშინ თბილისში ერთი კორპუსი აფეთქებას გადაურჩა.

„გუშინ ჩვენ აფეთქებას 28 -ე კორპუსი გადავარჩინეთ. მხოლოდ 2021 წელს ჩვენი საავარიო სამსახურის მიერ
28-ე კორპუსი გადარჩა აფეთქებას. ეს იყო დაუდევრობა, როცა მომხმარებელმა მილი დანადგარიდან გამოაძრო და ღია მდგომარეობაში დატოვა. ოცდარვავე კორპუსში ჩვენ ვერაფერს გავხდებოდით, რომ არა კეთილსინდისიერი, ყურადღებიანი მეზობლები, რომლებმაც გაზის სუნი ოდნავ შეიგრძნეს და ჩვენს ცხელ ხაზზე, 114-ზე დარეკეს. ჩვენ ვალდებულებას ვიღებთ, რომ რეაგირება დარეკვიდან მყისიერად მოხდება“ – განაცხადა ლეფსვერიძემ.

მანვე განმარტება გააკეთა იმ ახალ რეგულაციაზე, რომელიც დეკემბრიდან ამოქმედდება და გაზზე მომუშავე ტექნიკის რეალიზაციას შეეხება.

„ახალი რეგუალცია 1 დეკემბრიდან შემოდის.ესაა დადგენილება N 86, რომელიც მთავრობამ მიიღო. ჩვენ ამას გავეცანით , ესაა გაზის დანადგარების იმპორტიორების შემოწომება. თქვენი მხრიდან ხშირად ისმებოდა კითხვა: თუ ღია წვის კამერიანი დანადგარები არ შეიძლება, რატომ იყიდება ბაზარზე? ჩვენმა მთავრობამ ძალიან კარგი დადგენილება მიიღო, რომელიც უშაულოდ ხარისხზე აკეთებს აქცენტს. შესაბამისად, ღია წვის კამერიანი დანადგარების ბაზარზე გამოტანა შეიზღუდება. სერთიფიკატი თუ არ აქვს დანადგარს, მისი გაყიდვა შეიზღუდება. ეს ძალიან კარგი დადგენილებაა და ბაზარზე სიტუაციას გამოასწორებს. შესაბამისად, ჩვენი აბონენტებიც სერტიფიცირებულ, უასაფრთხო, ეკოლოგიურად სუფთა დანადგარებს შეიძენენ, რაზეც აღნიშულ დადგენილებაშია საუბარი“, – განაცხადა ლეფსვერიძემ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები