რაც შეეხება სახელმწიფო ინსპექტორის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეს, თუ პროცესის მონაწილე მიიჩნევს, რომ მის ჯანმრთელობას, სიცოცხლეს ან ქონებას ემუქრება საფრთხე, მან უნდა მიმართოს პროკურატურას მის მიმართ დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით, – ამის შესახებ “კვირას” სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ განუცხადა.
მისი შეფასებით, “ნაციონალური მოძრაობის” წევრების მხრიდან სამართალდამცველის საცხოვრებელ სახლთან გაკეთებული წარწერები და პლაკატები მიუღებელია, განსაკუთრებით არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის ჭრილში.
“ცხადია, ეს ფაქტი მიუღებელია, განსაკუთრებით არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის ჭრილში. რაც შეეხება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მანდატს, აღნიშნულ შემთხვევაში სახეზე არ არის მონაცემთა დამუშავება. შესაბამისად, ეს საკითხი არ ექცევა “პერსონალურ მოnაცემთა დაცვის შესახებ” კანონის რეგულირების სფეროში. რაც შეეხება სახელმწიფო ინსპექტორის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეს, თუ პროცესის მონაწილე მიიჩნევს, რომ მის ჯანმრთელობას, სიცოცხლეს ან ქონებას ემუქრება საფრთხე, მან უნდა მიმართოს პროკურატურას მის მიმართ დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით”, – განუცხადა “კვირას” ლონდა თოლორაიამ.
ცნობისთვის, “ნაცმოძრაობის” წევრებმა პენიტენციური სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომლის გოგა იორდანიძის სახლთან შეურაცხმყოფელი წარწერები დატოვეს. იორდანიძეს ორი არასრულწლოვანი შვილი ჰყავს.
მთელი დღის დუმილის შემდეგ, განცხადება გაავრცელა სახალხო დამცველის აპარატმაც. როგორც ომბუდსმენის განცხადებაშია აღნიშნული, ნინო ლომჯარია მიუღებლად მიიჩნევს გამოძიების დასრულებამდე, მოხელის პირადი ცხოვრების უფლებით დაცულ სფეროში ასეთ მასობრივ და უხეშ ჩარევას, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მედიასივრცეში გავრცელებული ინფორმაციის უტყუარობა დადასტურებული არ არის.