საქართველოს და ისლანდიის პრეზიდენტებმა გლობალური გამოწვევების დასაძლევად პატარა ქვეყნების ძალთა გაერთიანების მნიშვნელობაზე ისაუბრეს

საქართველოს პრეზიდენტი, საფრანგეთში სამუშაო ვიზიტისა და იუნესკოს 75 წლისთავისადმი მიძღვნილი ფორუმის ფარგლებში, ისლანდიის პრეზიდენტს, გუდნი იოჰანესონს შეხვდა.

ორი ქვეყნის პრეზიდენტების პირველ შეხვედრაზე მხარეებმა გარემოს დაცვით საკითხებზე ისაუბრეს, რომელიც კლიმატის ცვლილების და ბიომრავალფეროვნების დაცვის საკითხებს უკავშირდება. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია ამ გლობალური გამოწვევების დასაძლევად პატარა ქვეყნებმა ძალები გააერთიანონ.

საქართველოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა კავკასიური ენების დაცვის მნიშვნელობას და კიდევ ერთხელ ისაუბრა იუნესკოს საიუბილეო ფორუმზე დასმული მისი ინიციატივის შესახებ, რომელიც კავკასიური ენების საერთაშორისო დღის დაწესებას უკავშირდება.

საუბარი შეეხო როგორც პანდემიის ასევე, ვაქცინაციის მიმართულებით დეზინფორმაციის და ფეიკნიუსების მზარდ პრობლემას. აღინიშნა, რომ საჭიროა სწორი ბალანსი ერთი მხრივ, გამოხატვის თავისუფლების დაცვის, მეორეს მხრივ კი, დეზინფორმაციის ზიანის შემცირებისთვის თვალსაზრისით.

მხარეებმა განიხილეს ტურიზმის სფეროში ურთიერთობის გაღრმავების საკითხი და ტურიზმის სხვადასხვა მიმართულებით გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა, როგორც მასობრივი, ისე გეოთერმული ტურიზმის კუთხით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები