ჩანაწერების გამოქვეყნების მიზანი იყო, რომ საზოგადოებამ ნახოს სიმართლე, როგორ მოხდა რეალურად სააკაშვილის გადაყვანა, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა განაცხადა.
„რეალურად, ამ კადრების გავრცელება საჭირო გახდა იმ ბრალდებების საპასუხოდ, რომელიც ეს დღეები ისმოდა. თითქოს, ამ ეტაპირების დროს მიზანმიმართულად მოხდა ის, რომ ბოლომდე არ მიიყვანეს ტრანსპორტით და 30 მეტრი ასე ვთქვათ, შეურაცხმყოფელი ფორმით შეიყვანეს დაწესებულებაში.
თითქოს, მას ფიზიკურად შეეხნენ და ადგილი ჰქონდა ძალადობას, თითქოს, იძულების წესით ხდებოდა მისთვის ნემსის გაკეთება და ა.შ. ამ დღეების განმავლობაში ეს ბრალდებები მუსირებდა და საზოგადოებას, რომ არ დარჩენოდა რამე კითხვები და იმისთვის, რომ პროცესი გამჭვირვალედ წარიმართოს, მოხდა კადრების გამოქვეყნება. პენიტენციურ სამსახურს არაფერი აქვს დასამალი და რამე დასამალი რომ ყოფილიყო, ვიდეო კადრები არ გასაჯაროვდებოდა. ჩანაწერების გამოქვეყნების მიზანი იყო, რომ საზოგადოებამ ნახოს სიმართლე, როგორ მოხდა რეალურად სააკაშვილის გადაყვანა.
რაც შეეხება, მისი გამოქვეყნების კანონიერებას, ამაზე მიზანშეწონილია, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გააკეთოს შესაბამისი დასკვნა, როდესაც ამ საკითხს შეისწავლის და რა თქმა უნდა, ჩვენ მათთან სრულად ვითანამშრომლებთ“, – განაცხადა ბექა ძამაშვილმა იმედის „ქრონიკაში“.