საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მოუწოდებს, შეწყვიტოს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ვიდეო კადრების გავრცელება და დაელოდოს ამ საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მხრიდან საკითხის შესწავლის დასრულებას.
„სპეციალური პენიტენციური სამსახური აგრძელებს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ვიდეოჩანაწერების დაუსაბუთებლად გავრცელებას.
მიუხედავად სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის არაერთი გაფრთხილებისა, სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მოწოდებებისა, სპეციალური პენიტენციური სამსახური არ ითვალისწინებს მსჯავრდებულის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის, პატივისა და ღირსების უფლებას და დაუსაბუთებლად ასაჯაროებს ვიდეო კადრებს.
მოვუწოდებთ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს:
შეწყვიტოს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ვიდეო კადრების გავრცელება და დაელოდოს ამ საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მხრიდან საკითხის შესწავლის დასრულებას;
ითანამშრომლოს საგამოძიებო ორგანოებთან ჩანაწერებში არსებულ სავარაუდო დარღვევებთან დაკავშირებით”, – აღნიშნულია საია-ს განცხადებაში.