მიხეილ სააკაშვილი მზადაა შიმშილობა შეწყვიტოს და პირობას ასახელებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას წყვეტს. ამის შესახებ ჟურნალისტებს მისმა უფლებადამცველმა ნიკა გვარამიამ განუცხადა.

ნიკა გვარამიას თქმით, სააკაშვილი აცხადებს, რომ ითვალისწინებს სტრასბურგის სასამართლოსა და დასავლელი პარტნიორების მოწოდებას.

„მივიღე გადაწყვეტილება გავითვალისწინო სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს, ასევე ჩვენი დასავლელი პარტნიორების მოწოდება და შევწყვიტო შიმშილობა. ამ შიმშილობის შეწყვეტას აქვს დათქმა, რომლის გარეშეც შიმშილობა არ შეწყდება. შიმშილობის შემდეგ რეაბილიტაციის პროცესი ბევრად უფრო რთულია, ვიდრე შიმშილობის მართვის პროცესი, ამიტომაც გლდანის საავადმყოფოში ამის არც ტექნოლოგიური პირობებია, არც კვალიფიციური მედპერსონალი. ამას გარდა, წარმოუდგენელია ვენდო იმ დაწესებულების თანამშრომლებს, ვინც წამების პირობებში მამყოფებს და მათი ძალადობის კადრები დღეს იხილეთ. ამას გარდა, აქ არ არსებობს უსაფრთხოების და ფსიქოლოგიური ზეწოლისგან დაცვის არანაირი გარანტია, რაც სტრასბურგის სასამართლოს მოთხოვნაცაა. ასევე, უდიდეს საფრთხედ მიმაჩნია გორის ჰოსპიტალი, რადგანაც რუსული საოკუპაციო ჯარის და სპეცდანიშნულების დანაყოფები რამდენიმე კილომეტრში იმყოფებიან ამ ჰოსპიტალიდან – იმ რუსეთის, ვინც ჩემი ლიკვიდაციის დამკვეთია. შესაბამისად, ვითხოვ, ექიმთა კონსილიუმის მიერ მიღებულ იქნას გადაწყვეტილება, რომელ მულტიფუნქციურ და მაღალტექნოლოგიურ კლინიკებში და მკურნალობის რა მეთოდით ვიქნები უზრუნველყოფილი პოსტშიმშილობის რეაბილიტაციის პროცესის დროს. კონსილიუმი უნდა იყოს პროფესიონალებისგან შემდგარი და პარიტეტულ საფუძველზე, ჩემი წარმომადგენლების და სახელმწიფოს მიერ დანიშნული წარმომადგენლობის თანაბარი ექიმების შემადგენლობით“, – ნათქვამია სააკაშვილის წერილში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები