„ვაქცინაციის საშუალებით უამრავი დაავადება დამარცხდა, კოვიდვაქცინაც დიდი მონაპოვარია, გთხოვთ, ვაქცინაციის პროცესში ჩაერთეთ“ – ინფექციონისტი

“ვაქცინა მედიცინაში ერთერთ ყველაზე დიდ მონაპოვარს წარმოადგენს, ვაქცინაციის საშუალებით უამრავი ინფექციური დაავადება იქნა დამარცხებული, კოვიდვაქცინაც დიდი მონაპოვარია”, – ამის შესახებ ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გოგინავამ მოქალაქეებს ვაქცინაციის პროცესში ჩართვისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ქვეყანაში მძიმე ეპიდვითარებაა.

„ეპიდსიტუაციას რაც შეეხება: სამწუხაროდ, საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა. ამაზე ბოლო 2-3 კვირის მონაცემები მიუთითებს. სამწუხაროდ, ასეთი სიტუაცია მოსალოდნელი იყო იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპი ძალიან დაბალია. ამის მაგალითები გვაქვს იმ ქვეყნებში, სადაც ვაქცინაცია ასეთი ნელი ტემპებით მიმდინარეობს, ეპიდსიტუაციის გაუარესება ხშირია. ეპიდსიტუაციის გაუარესებას კი მძიმე პაციენტების რაოდენობის ზრდა, ჰოსპიტლების გადავსება მოჰყვება ხოლმე . სამწუხაროდ, ლეტალური გამოსავალიც იზრდება. მინდა, ჩვენმა მოსახლეობამ კორელაცია დაინახოს იმაში, რომ ეპიდსიტუაცია როცა უარესდება, შემდეგ 2-3 კვირაში ამას სიკვდილიანობის ზრდაც მოჰყვება. თუ ჩვენ სტაბილურ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას არ მივაღწევთ, მსგავსი პრობლემები ყოველთვის გვექნება: საავადმყოფოები გადავსებულია, ბევრი მძიმე პაციენტია, შესაბამისად, გაზრდილი სიკვდილიანობა გვაქვს“, – განაცხადა გოგინავამ.

მისივე თქმით, გრძელვადიან პერსპექტივაში ეპიდსიტუაციის სტაბილიზაციისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ვაქცინაციაა.

„ამის კარგი მაგალითებიც გვაქვს: იმ ქვეყნებში, სადაც მოსახლეობის საკმაოდ მაღალი პროცენტია ვაქცინირებული, ვგულისხმობ 60%-ზე მეტს, სიკვდილიანობა დაბალია. ასეთ ქვეყნებშიც არის ხოლმე ეპიდვითრების მეტნაკლებად გაუარესების ეპიზოდები, მაგრამ, რაც მთავარია, სიკვდილიანობა, ჰოსპიტლებში მიმართვიანობა არ იზრდება. ამიტომ, ეს უნდა გავითვალისწინოთ. თუ გვინდა, გრძელვადიან პერსპექტივაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დავასტაბილუროთ და პანდემია დავამარცხოთ, ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინაცია კარგად ჩავატაროთ, მინიმუმ, მოზრდილი მოსახლეობის 60 % ვაცინირებული უნდა იყოს“, – განაცხადა ინფექციონისტმა.
მისივე თქმით, მოკლევადიან პერსპექტივაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინაციის ჩატარებასთან ერთად რეკომენდაციებიც დავიცვათ.
„რაც შეეხება მოკლევადიან პერსპექტივას: სამწუხაროდ, ამ გაუარესებულ და მძიმე ეპიდსიტუაციას მხოლოდ ვაქცინაციის პროცესი ვერ მოერევა. რადგან ვაქცინაციას გარკვეული დრო სჭრიდება, ამიტომ, მოკლევადიან პერსპექტივაში ძალიან მნიშვნელოვანია, ვაქცინაციასთან ერთად, რეკომენდაციები დავიცვათ. ძალიან მარტივია, რომ დახურულ სივრცეებში, ასევე, იმ სივრცეებში, სადაც ამის აუცილებლობაა, პირბადეები გამოვიყენოთ, ფიზიკური დისტანცია, ჰიგიენური ნორმები დავიცვათ.
ასევე მე, როგორც ექიმს, ერთი პრობლემა, რაც ხშირად მხვდება, არის ის, რომ ადამიანები, ვისაც გარკვეული სიმპტომები აქვთ, სხვა ადამიანებთან კონტაქტს არ ერიდებიან, ვირუსის გავრცელების წყაროები ხდებიან. თუ აღგვენიშნება ხველა, ყელის ტკივილი, ტემპერატურის მატება, სხვა ადამიანებთან კონტაქტს უნდა მოვერიდოთ. თუ ეს სიმპტომები გახანგრძლივდება, კორონავირუსულ ინფექციაზე ტესტი უნდა ჩავიტაროთ. შემოდგომაა, მალე ზამთარი დადგება, ამ პერიოდში სხვა რესპირაციული ინფექციებიც აქტიურდება, მათაც მსგავსი სიმპტომები აქვთ. ხშირად შეიძლება, ადამიანმა ვერ მოახდინოს იმის დიფერენცირება, თუ რომელი ინფექციითაა დაავადებული. არსებობს გრიპის ვაქცინა, განსაკუთრებით – რისკჯგუფებს მინდა, ვთხოვო, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაც ჩაიტარონ.
თუ გვინდა, ნორმალური ცხოვრების წესს დავუბრუნდეთ, გრძლევადიან პერსპექტივაში სრულფასოვნად ჩატარებული ვაქცინაციის პროცესია მნიშვნელოვანი. მინდა, მოსახლოებას ვთხოვო, ვაქცინაციის პროცესში ჩაერთონ. ვაქცინა მედიცინაში ერთ-ერთ ყველაზე დიდი მონაპოვარს წარმოადგენს, ვაქცინაციის საშუალებით უამრავი ინფექციური დაავადება იქნა დამარცხებული. ამ ეტაპზე, კოვიდვაქცინაც დიდი მონაპოვარია და ამას განვითარებული მსოფლიოს დიდი ნაწილი იყენებს“ , – განაცხადა გოგინავამ.
მისივე თქმით, „მწვანე პასპორტების“ დანერგვა წინგადადგმული ნაბიჯია და ეპიდსიტუაციაზე კარგად უნდა აისახოს.

„რაც შეხება „მწვანე პასპორტებს“ – ეს ბევრ განვითარებულ ქვეყანაში საკმაოდ წარმატებით გამოიყენება. „მწვანე პასპორტების“ შემოღება, ჩემი აზრით, წინგადადგმული ნაბიჯია და ეპიდსიტუაციაზე კარგად უნდა აისახოს. თუმცა, მე, როგორც ექიმს, ერთი ასეთი კითხვა მაქვს: როგორც ვიცით, დავადების გადატანის შემდეგ არ ყალიბდება სრულფასოვანი იმუნიტეტი. არის კვლევები, სადაც მოცემულია, რომ 16-17 თვის გასვლის შემდეგ შესაძლოა, იმუნიტეტი კვეთრად დაქვეითდეს და რეინფიცირების, ანუ ხელახლა ინფიცირების რისკი გაიზარდოს. ამიტომ მნიშვნელოვანია, ვირუსის გადატანასაც ვალიდურობა ჰქონდეს, ჩაითვალოს, რომ ადამიანს დაახლოებით ვირუსის გადატანის 6-დან 12- თვემდე ეკუთვნის „მწვანე პასპორტი“, სხვა შემთხვევაში, შესაძლოა, ამ ყველაფერს უკურეაქცია მოჰყვეს, ვაქცინაციას შევუშალოთ ხელი. თუ ადამიანს მუდმივ ,,მწვანე პასპორტს,, მივცემთ, შესაძლოა, მან ჩათვალოს, რომ ვაქცინაცია აღარ უნდა ჩაიტაროს.
არის მოლოდინი, რომ მალე ანტივირუსული პრეპარატები შეიქმნება. უკევ გვაქვს ახალი ანტივირუსული პრეპარატი – „მოლნუპირავირი“, რომელიც ბრიტანეთში დამტკიცდა. არის კვლევები, რომ ის დაავადების მძიმედ მიმდინარეობას ამცირებს. ასევე, „ფაიზერმაც“ დააანონსა, რომ ანტივირუსულ პრეპარატს გამოუშვებს, რომელიც, კვლევების მიხედვით, საკმაოდ ეფექტიანია. აქედან ჩნდება განცდა, რომ უახლოეს 8-12 თვეში საკმაოდ ბევრი ეფექტიანი ანტივირუსული მედიკამენტი გვექნება, თუმცა, როგორც ისტორიულად ვიცით, პანდემიის დასამარცხებლად მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ვაქცინაციაა“, – განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 6021 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 75 პაციენტი.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები