„ნაძვის ხეების გაყიდვა მენანება. მინდა ყველა სახლში იდგეს და მახარებდეს“ – რა ჯადოსნურ თილისმას ფლობს ნინოს საახალწლო დეკორაციები

ცხოვრობს თბილისში. სკოლის პერიოდში ხატავდა, ძერწავდა თიხაზე, მაგრამ მხოლოდ ერთი წელია, ხელნაკეთი ნივთების დამზადება სცადა.
ახალი წლის მოახლოებისას ნაძვის ხეებს და დეკორაციებს ამზადებს. ამბობს, რომ პირველად 2020 წელი რომ დგებოდა, მაშინ სცადა ნაძვის ხის შექმნა. „7 თვის ორსული ვიყავი, პირველ ჯერზე სამი ნაძვის ხე დავამზადე, სიმართლე გითხრათ, ძალიან გამიჭირდა, რადგან კონსტრუქციიდან დაწყებული, მასალის მოძიებას, დაჭრას, დაწებებას, შეღებვას – ყველაფერს იმხელა მუცლით ვაკეთებდი“… მას შემდეგ საკუთარი გვერდი შექმნა და მრავალფეროვანი ნაძვის ხეებიც დაიბადა… –  ხელოვან ნინო ქოროღლიშვილის პერსონა.
– შარშან პირველად დაამზადეთ ხელნაკეთი ნივთი – 3 ნაძვის ხე…
– შარშან ჯერ სატესტოდ დავამზადე 3 ნაძვის ხე. ნამდვილად არ მეგონა, თუ ამხელა დაინტერესებას დავიმსახურებდი, შემდეგ დამემატა შეკვეთები. საოცარი განცდა იყო, ვერ დავმალავ. უბედნიერესი ვიყავი, რომ ჩემი დიზაინი ამდენ ადამიანს მოეწონა.
– გაქვთ გვერდი – The Magic Tree • ჯადოსნური ხე, სადაც ულამაზესი ნაძვის ხეების ფოტოებია განთავსებული, თქვენ მიერ დამზადებული…
– შარშან დაახლოებით 20-25 ნაძვის ხე დავამზადე. გამორჩევით ვერცერთს ვერ გამოვარჩევ. სიმართლე გითხრათ, ყველა საკუთარი შვილით მიყვარს.
– რა მასალებს იყენებთ და როგორ უმკლავდებით ტექნიკურ პრობლემებს მუშაობის პროცესში?
–  მასალად ვიყენებ დამუშავებულ, გამომშრალ ფიჭვს, საღებავს და, ძირითადად, აქსესუარებს.
– როგორ ახერხებთ, რომ თქვენი ნაძვის ხეები იყოს ორიგინალური და სხვებს არ ჰგავდეს?
– სულ ვცდილობ, რაღაც ახალი მოვიფიქრო და ჩემებურად გადავასხვანაირო. ამაში მუსიკა და საახალწლო განწყობის წინასწარ შექმნა მეხმარება.
– ძირითადად რომელ ხელნაკეთებზეა მოთხოვილება?
– შარშან მხოლოდ ნაძვის ხეები მქონდა. წელს მაგიდის დეკორაციებიც დაემატა და საკმაოდ დიდია დაინტერესებაც.
– თქვენი ნამუშევრები პანდემიის დროს შეიქმნა. ანუ შეიძლება ითქვას, რომ კარჩაკეტილობა თქვენზე, როგორც შემოქმედზე – დადებითად მოქმედებს…
– შემოქმედებით ამბავში კი, ნამდვილად დადებითად, თუმცა პრაქტიკაში ძალიან გამიჭირდა, ვინაიდან ყველაფერი დაკეტილი იყო და ძალიან რთულად იშოვებოდა მასალაც და აქსესუარებიც.
– წლევანდელ ახალ წელს რა სიახლეებით შეხვდებით?
– ნაძვის ხეებს წელს მაგიდის დეკორაციებიც დავუმატე, ვფიქრობ სხვა სიახლეებზეც, ისეთი შემართებით დავიწყე, ახალ წლამდე ალბათ ყველანაირ დეკორაციას დავამზადებ.
სიმართლე გითხრათ, ნაძვის ხეების გაყიდვა მენანება. იმდენად დიდ შრომას და სიყვარულს ვდებ თითოეულში, რომ მინდა ყველა სახლში მედგას და ვუყურო….
– ჰობი…
–  ჩემი ჰობი სწორედ ეს საქმეა, თუმცა მხოლოდ ახალი წლის პერიოდში ვაძლევ თავს უფლებას, ამით დავკავდე. წელიწადის დარჩენილი 10 თვე ბავშვებისაა.
 – გყავთ მეუღლე და ორი შვილი. ოჯახი თუ გეხმარებათ თქვენს საქმიანობაში?
– ოჯახი ძალიან მეხმარება და ყველა ცდილობს, თუნდაც ოდნავ მაინც შემიმსუბუქოს საქმიანობა. თუმცა კონკრეტულად დამზადების პროცესს და ყველა დეტალს, მრავალი შემოთავაზების მიუხედავად, მხოლოდ საკუთარი ხელით ვაკეთებ. მინდა ყველაფერი ზუსტად, ისე იდეალურად გაკეთდეს, როგორც ჩემს ფიქრებშია.
– სამომავლოდ…
– გეგმა რამდენად შეიძლება ვუწოდო, არ ვიცი, თუმცა საკუთარ სახელოსნოს და ხის საჭრელ დაზგას კი ვისურვებდი. იმედია, მივალ ამ ეტაპამდეც.

 

თამარ შაიშმელაშვილი

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები