ირაკლი ქადაგიშვილი: ჩვენ დავინახეთ, რომ ხელისუფლება აკეთებს მაქსიმუმს იმისთვის, რომ ყველა პატიმრის უფლებები და ჯანმრთელობა იყოს დაცული
“მთელი ამ დღეების განმავლობაში ჩვენ გვესმოდა სპეკულაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლება კლავს ადამიანს და ჩვენ დავინახეთ, რომ ხელისუფლება აკეთებს მაქსიმუმს იმისათვის, რომ ყველა პატიმრის უფლებები და ჯანმრთელობა იყოს დაცული”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა პენიტენციური სამსახურის მიერ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გავრცელებული კადრების თაობაზე განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გამოყვანა არ მოხდება.
„ჩვენ ვხედავთ, რომ არანაირი განსაკუთრებული საფრთხე მის ჯანმრთელობას არ ემუქრება. ექიმების მხრიდან მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ არის, იღებს შესაბამის წვენებს, საკვებ ნივთიერებებს, ფაფებს და გამომდინარე აქედან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სრული კონტროლის ქვეშ არის. გამომდინარე აქედან, ოპოზიციის რადიკალური ნაწილის მიზანი არის ის, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხიდან იქნეს გამოყვანილი და არა მისი ჯანმრთელობა. მისი ციხიდან გამოყვანა არ მოხდება და აქედან გამომდინარე, ყოველგვარი ულტიმატუმი აზრს მოკლებულია და მთლიანად ეს პროცესი ემსახურება ერთადერთ რამეს, რომ რამენაირად ეს ქვეყანა დესტაბილიზაციაში შეიყვანონ, რაც არ გამოუვათ. მთელი ამ დღეების განმავლობაში ჩვენ გვესმოდა სპეკულაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლება კლავს ადამიანს და ჩვენ დავინახეთ, რომ ხელისუფლება აკეთებს მაქსიმუმს იმისათვის, რომ ყველა პატიმრის უფლებები და ჯანმრთელობა იყოს დაცული“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.